დღეს სამშენებლო სექტორის განვითარების ხანაა, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში

რა გეგმები აქვს “ნენსკრა ჰესის” მშენებელ კომპანიას დეველოპერულ ბაზარზე

სამშენებლო კომპანია “დაგი” ერთ–ერთია იმ კომპანიებიდან, რომლებიც წლის საუკეთესო კომპანიების სიაში მოხვდნენ. კომპანია “დაგი” 2003 წელს დაფუძნდა ქართულ ბაზარზე და მის მთავარ საქმიანობას სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება წარმოადგენს. უფრო დეტალურად კომპანიის საქმიანობისა და პროექტების შესახებ, კომპანიის დამფუძნებელი გოგი გულორდავა გვესაუბრა.

კომპანია “დაგი” ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა, რა კაპიტალითა და გუნდით შემოხვედით ბაზარზე და რა გზა განვლო კომპანიამ დაარსებიდან დღემდე?

– 2003 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა სამშენებლო კომპანია დავაარსეთ, ეს იყო პატარა კომპანია მცირე ბიუჯეტით. განვითარების გზა რთული, მაგრამ საინტერესო იყო. “დაგი” დღითიდღე იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამ წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმატებით, შესაბამისად, დამკვეთებთან  ნდობის მაღალი ხარისხი დავიმსახურეთ. დღეს კომპანია რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების თეთრ სიაში, ფლობს ISO9001 სერტიფიკატს და დასახელებულია წლის საუკეთესო კომპანიებს შორის, როგორც საუკეთესო სამშენებლო კომპანია.

კომპანია “დაგი” სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობს და ის სამშენებლოს გარდა სარემონტო და სარეკონსტრუქციო პროექტებსაც ახორციელებს, უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რას მოიცავს კომპანიის განვითარების სტრატეგია ?

– დიახ სწორედ ასეა, კომპანიის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რაც შეეხება განვითარების სტრატეგიას, მიუხედავად მიღწეულისა, კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ და მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის ტენდენციებს.

დაარსების დღიდან დღემდე კომპანიას განხორციელებული აქვს 500-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, ვისაუბროთ თქვენს ყველაზე მასშტაბურ პროექტებზე და ამ ეტაპზე, რა პროექტების განხორციელებას გეგმავს კომპანია?

– დიახ, უამრავი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სასტუმრო ანაკლია, ყვარლის რეაბილიტაცია, განმუხურის ამფითეატრი, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მესტიის რეაბილიტაცია, პოლიციის შენობები ცაგერსა და თბილისში, საფეხბურთო კლუბ “თბილისის დინამოს” ბაზა, გორის სტადიონი, მექანიზაციის სერვისცენტრები საქართველოს 8 რაიონში, წყალტუბოს პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ზუგდიდში ავაშენეთ 10 კორპუსი დევნილთათვის, ახლახანს ვუმასპინძლეთ ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას: ავაშენეთ ჩოგბურთის კორტები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის და ჩავუტარეთ რეკონსტრუქცია “დინამო არენას”  უეფას სუპერთასის ჩასატარებლად. დავასრულეთ საბავშვო ბაღის მშენებლობა მოსკოვის გამზირზე. ამ ეტაპზე, ვახორციელებთ ახმეტის წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ვაშენებთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრს, “სოციალურ სახლს” ბათუმში, სკოლა სახელოსნო “ქვევრის სახლს” იყალთოში, სავაჭრო ცენტრს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ახლახანს დავიწყეთ ყველაზე მასშტაბური პროექტის “ნენსკრა ჰესის” მშენებლობა და სხვა.

რაც შეეხება ზოგადად სამშენებლო ბიზნესს, თქვენ როგორც ამ სექტორის ერთერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში სამშენებლო ბიზნესს?

– ვფიქრობ საქართველოშიც და მსოფლიოშიც სამშენებლო ბიზნესის განვითარების ხანაა. ინერგება ახალი ტექნოლოგიები, აქტიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები აისახა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

რაც შეეხება საწარმოო მასალებსა და ტექნოლოგიებს სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი მასალების იმპორტს ეწევა, როგორაა თქვენს  შემთხვევაში, იყენებთ ადგილობრივ მასალებს თუ სრულად ხართ დამოკიდებული იმპორტზე?

– მშენებლობისას ვიყენებთ როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების  მასალას, ასე რომ, არ ვართ მხოლოდ იმპორტირებულ ან ადგილობრივ პროდუქტზე დამოკიდებულები.

ქვეყანაში ეროვნული ვალუტა 40%–ით არის დევალვირებული, კომპანიებს რომელებსაც საქონელი შემოაქვთ უცხოეთიდან ამ ფაქტმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა, როგორ არის თქვენს შემთხვევაში და რამდენად აისახა ეს თქვენს საფასო პოლიტიკაზე?

– რა თქმა უნდა, ძნელია ამას გვერდი აუაროთ, ვერ გეტყვით, რომ ლარის გაუფასურების გამო პრობლემა არ შეგვქმნია. ისევე როგორც ყველას, ჩვენც მოგვიწია ფასების გადახედვა, თუმცა რადიკალური ცვლილება ამ ეტაპზე  არ გვაქვს.

როგორც ამ ბაზრის წარმომადგენელი კომპანიები აცხადებენ, ბოლო პერიოდში გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, როგორც საცხოვრებელ ბინებზე ისე კომერციულ ფართებზე. რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენს კომპანიაში?

– ჩვენ ეს პრობლემა არ შეგვხებია, ვინაიდან ნდობის მაღალი ხარისხი გვაქვს მოპოვებული, შესაბამისად გაყიდვებიც სტაბილურია.

 

პაატა ბაირახტარი