სოფლის მეურნეობის სამინისტრო: რაჭველ მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

ოთარ დანელია ამბროლაურში, რთველოს საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი სოფელ ბუგეულში ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაშიც (შპს “ალექსანროული”) იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და საწარმოს მფლობელებს გაესაუბრა. ოთარ დანელია საწარმოში ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესსაც დაესწრო.

“რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ფასები ძალიან სტაბილური დარჩა, კონდიციურ ყურძენზე 5 ლარის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობაში გაცილებით ნაკლებ ფასს – 2-3 ლარის ფარგლებში ვარაუდობდნენ. კარგია, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ვფიქრობთ, რაჭაში რთველი უკვე რამდენიმე დღეში დასრულდება და საკოოდინაციო შტაბიც დაიხურება”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში უკვე 1200 ტონაზე მეტი ყურძენია (1190 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, 21 ტონა სხვა ჯიშები) გადამუშავებული. მევენახეების მიღებულმა შემოსავალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველაძემ აღნიშნა, რომ რაჭაში რთველის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა უპრობლემოდ ჩააბაროს ყურძენი.

სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე რთველის პროცესი დასრულდება. რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გახსნილია სააკორდინაციო შტაბი. ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულები;

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო 1 კგ კონდიციურ მუჯურეთულსა და ალექსანდროულს – 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლებია – 3 ლარად, ხოლო ძელშავსა და შერეულ ჯიშებს – 70 თეთრად შეისყიდის.

წელს რაჭაში 1300 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფო რეგიონში სრულად ჩაიბარებს იმ ჭარბ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები ვერ შეისყიდიან. რაჭველ მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: Ipress.ge