სს “ელიტ ელექტრონიქსის” განცხადება (პასუხი) ანზორ ქოქოლაძის ცილისმწამებლურ განცხადებაზე

მიუხედავად იმისა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” ბოლო პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა ეპასუხა ანზორ ქოქოლაძის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებისათვის, სამწუხაროდ იძულებული ვართ რომ მის მიერ გავრცელებულ სიცრუეზე მცირედი განმარტებები მაინც გავაკეთოთ.

უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.

ასევე სრული სიცრუეა ის, რომ დავით კეზერაშვილი რაიმე ფორმითაა დაკავშირებული კომპანიასთან. ამის თაობაზე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსის” აქციებს ფლობს თელავივის საფონდო ბირჟის ლისტინგში რეგისტრირებული ისეთი ცნობილი კომპანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე როგორიცაა ბრიმაგი, რომელიც ასევე ისრაელის გარდა არაერთ ყვეყანაში ოპერირებს თავისი ფილიალებით ან შვილობილი კომპანიებით.

ანზორ ქოქოლაძის ფანტაზიები უსაზღვრო აღმოჩნდა მან სს “ელიტ ელექტრონიქსი” სხვა წართმეულ ბიზნესებთან ერთად ლარის დევალვაციის მიზეზად მოიხსენია და აღნიშნა, რომ თითქოს გარკვეული ფულადი სახსრები ირიცხება საზღვარგარეთ. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ ის გარემოება, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც ანზორ ქოქოლაძემ დატოვა კომპანია მისი დავალიანება კრედიტორების მიმართ 42 მილიონ ლარს აჭარბებდა, ხოლო აქტივები არ აღწევდა 8 მილიონ ლარამდეც კი არათუ 80 მილიონს, როგორც თვითონ ცრუობს. ეს სურათი გახლდათ მაშინ, როდესაც ანზორ ქოქოლაძეს კომპანიის მიმართ უკვე ჩადენილი ქონდა 6,5 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლება. ამასთან დაკავშირებით რათქმაუნდა არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და დადასტურებულია, რომ ის ბიზნესის კეთების ნაცვლად კრედიტორების საზიანოდ თაღლითურად ითვისებდა მილიონობით ლარს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” არათუ რაიმე თანხებს რიცხავს საზღვარგარეთ, არამედ მასში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რათა საკმაოდ დასუსტებულ და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ კომპანიას, სადამდეც სწორედ ანზორ ქოქოლაძემ მიიყვანა, შეძლებოდა სრულფასოვანი და წარმატებული ფუნქციონირება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომპანია წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე, კომპანიამ განახორციელა უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია და ქავთარაძის #1-ში გახსნა მთელს რეგიონში ყველაზე დიდი და თანამედროვე მაღაზია, ასევე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას და გახსნის კიდევ ერთ გრანდიოზულ მაღაზიას ისთ ფოინტის სავაჭრო ცენტრში. ამის პარალელურად კომპანია მიმდინარე ვალდებულებებთან ერთად ახერხებს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებასაც, მაგალითად სწორედ ანზორ ქოქოლაძის მიერ დატოვებული 7.5 მილიონი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა სრულად დასრულდა გასულ წელს. შესაბამისად კომპანიიდან ოპერირებისათვის საჭირო (მოგეხსენებათ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორს) თანხების გარდა რაიმე გადინება უბრალოდ საღ აზრსაა მოკლებული, მართლაც დიდი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ ლარის დევალვაციის მიზეზი სს “ელიტ ელექტრონიქსია”.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ამით არ დასრულებულა მისი თაღლითური ქმედებები კომპანიის მიმართ, ამ მომენტისათვის ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ასევე თაღლითური გზით კომპანიის კუთვნილი 3.4 მილიონი ლარის დაუფლების ფაქტზე, სადაც სს “ელიტ ელექტრონიქსი” ცნობილია დაზარალებულად, ხოლო მას საკმაოდ მკაცრი სასჯელი ელოდება და შესაძლოა პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით მარტივად ვერ დააღწიოს თავი სასჯელის აღსრულებას.

სწორედ მის მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედებები და ერთგვარი თავის დაღწევის მცდელობა მართმსაჯულებისაგან აიძულებს მას პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსს” და ამით თავი წარმოაჩინოს წამებულ ბიზნესმენად თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიაში რაიმე უკანონო ხდება.