უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა “საბასგან”

პირველად საქართველოში, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ მკითხველს უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკას სთავაზობს.

დღეიდან, ნებისმიერი მსურველი, ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებს 30 დასახელების წიგნის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვას saba.com.ge-დან. ამ წიგნების ჩამონათვალის ნახვა მკითხველს მეტროსადგურებში განთავსებული სპეციალური ბანერებიდან შეუძლია. დღეიდან ასეთ ბანერებს ყველაზე დიდ მეტროსადგურებში – „რუსთაველსა“ და „რკინიგზის სადგურში“ შეხვდებით. ბანერზე გამოსახულ თითოეულ ელექტრონულ წიგნს სპეციალური QR კოდი (ე.წ სწრაფი გამოხმაურების კოდი) ახლავს, რომლის მეშვეობით მკითხველი მარტივად შეძლებს თავისი სმარტფონით „საბას“ ვებ-გვერდზე შესვლას და ამ წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვას. „საბას“ უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა მოიცავს კულინარიულ, პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას.

გარდა ამისა, ბანერზე განთავსებული სპეციალური QR კოდების მეშვეობით მკითხველებს შეუძლიათ თბილისში არსებული ფიზიკური ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად მოძებნაც. უახლოეს მომავალში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვა მეტროსადგურებში, ასევე სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც განთავსდება.

პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მიერ, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.