“საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა წარმოადგენს ალტერნატიული ცენტრალური ბანკის შექმნის მცდელობას”

დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“, „საზოგადოებამ და ბანკებმა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრმა“ გააჟღერეს გადაწყვეტილება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის წერილით (amicus curiae).

როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 12 ოქტომბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტის 39 წევრის სარჩელი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ხოლო განხილვის დასრულებამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

სასამართლოს მეგობრის წერილის ინსტიტუტის მიზანია ექსპერტული მოსაზრების წარდგენით სასამართლოს დაეხმაროს საკითხის გადაწყვეტაში. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ:

• ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის უფლებამოსილება და ზედამხედველობის მექანიზმები, მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით დარჩა ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის უფლებამოსილება. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იმდენად, რამდენადაც ავიწროვებს ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

• შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, საერთაშორისო პრაქტიკის და არსებული რეალობის გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა წარმოადგენს ალტერნატიული ცენტრალური ბანკის შექმნის მცდელობას, რომლის მიზანიც არის ეროვნული ბანკის საბანკო სექტორისგან ჩამოცილება და არა ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის შექმნა.