საქართველოში საკრედიტო ნარკომანია სულ უფრო და უფრო იდგამს ფესვებს

 

რა საფრთხის მატარებელია ე.წ. “იოლი სესხი”

“გილოცავთ, თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი”, – კომერციული ბანკებისგან მოსახლეობა ასეთი ტიპის შეტყობინებებს ყოველღიურად იღებს, ზოგჯერ დღეში ორჯერაც. მომრავლებული საფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობას სესხის “შესაჩეჩებლად’’ ათასგვარ მაცდუნებელ წინადადებას სთავაზობენ. საბანკო სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და მათი პროდუქტების რეკლამირების, ან მოსახლეობისთვის სესხების შეთავაზების შეზღუდვა დაუშვებელია. ფაქტი კი ერთია,  მევახშეებისგან და საბანკო სექტორისგან დაწიოკებული, ქონებადაკარგული მოსახლეობა  აქციას აქციაზე მართავს, ზოგი თვითმკვლელობითაც იმუქრება და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

მოსახლეობის ამგვარი ყოფის შემხედვარეს ადამიანს განცდა გეუფლება, რომ ბანკებისგან ასეთი შინაარსის შეტყობინება მოდის – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!’’ აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტიპის სამომხმარებლო კრედიტები, რისკიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდპროცენტიანია – 36%, ასევე მომხმარებელი მაღალ საკომისიო გადასახადელს იხდის. კლიენტი, ხშირად, რამდენიმე თვეში გადახდისუუნარო ხდება, ბანკი ზეწოლით, შანტაჟით რომ ქონებას დაუყადაღებენ, საბოლოოდ, საკუთარ ფულსა და მოგებას მაინც იღებს, მოსახლეობა კი უფრო ღატაკდება.

ამის ერთ ერთი მაგალითია გლდანში მცხოვრები მარიამ თოლორდავას ოჯახი. თოლორდავას ჩეხური პროექტის ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა. მისმა მეუღლემ, რომელიც უმუშევარია ასეთი გამარტივებული წესით, ბანკიდან კრედიტი აიღო, ტოტალიზატორში ფეხბურთის ერთ-ერთ მატჩზე თანხა დადო და წააგო. ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ბანკისგან აწიოკებული თოლორდავას მეუღლე დეპრესიაში ჩავარდა, მას ფსიქიატრის დახმარება და საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები დასჭირდა. საბოლოოდ, ოჯახმა გაარკვია, რომ ამ კრედიტის მომსახურებისთვის მას სხვა ვალიც აუღია, უმუშევარი ადამიანი კი ბუნებრივია ვალს ვერ გადაიხდიდა. მძიმე დღეში ჩავარდნილმა თოლორდავას ოჯახმა დიდი სახლი გაყიდა და პატარა იყიდა. მორჩენილი თანხით იაფიფასიანი ავტომობილიც შეიძინეს – მეუღლე “იტაქსავებდა’’ და ოჯახში პურის ფულს შეიტანდა.

“ეს სესხები ნარკოტიკივით არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე თავის საქციელს ძალიან ნანობდა. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ კრედიტი ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან აუღია, პროცენტები დაუგროვდა და ახლა მანქანაც გაყიდა. შემდეგ ალბათ ამ სახლსაც გაყიდის. მაინტერესებს უმუშევარ ადამიანს კრედიტებს რის ხარჯზე აძლევენ. ასე ხომ მთელი ქვეყანა დაიღუპება. ხელისუფლებამ, უპირველესად, სწორედ ეს საკითხი უნდა მოაგვაროს. არ შეიძლება, საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები მოსახლეობის მიმე სოციალური ყოფით სარგებლობდნენ. მთავრობას იმიტომ ვქირაობთ, რომ ასეთი განსაცდელისგან დაგვიცვას. ეს სწორედ განსაცდელია’’

– ამბობს მარიამ თოლორდავა.

ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი ცუცქირიძეს ამბობს, რომ ბანკები სესხის აღებას არავის აძალებენ და თავად კლიენტმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება მისაღებია თუ არა მისთვის ის პირობები, რომელსაც სთავაზობენ.

“როდესაც მოდის ბანკებისგან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან სასესხო შეთავაზებები ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ანუ ეს არის შეთავაზების ერთ-ერთი ფორმა. სესხს სთავაზობენ მათ, რომლებსაც კონკრეტულ ბანკში ერიცხებათ ხელფასი ან  პოტენციურ კლიენტებს. სესხის დამტკიცება ხდება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი დათანხმდება ამ პირობებს. ეს პროცესი ავტომატურად არ ხდება. სესხის დამტკიცებამდე ბანკი კლიენტის გადახდისუნარიანობას სწავლობს. თუ კლიენტი რის გადახდისუუნაროა რა თქმა უნდა მას სესხი არ დაუმტკიცდება. აქ იმის თქმა რომ ვინმეს რამეს აძალებენ არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მხოლოდ შეთავაზება”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

საბანკო ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ასევე მიიჩნევს, რომ თუ ვინმეს გადახდის საშუალება არ აქვს სესხი არ უნდა აიღოს, ხოლო საფინანსო საქმიანობა ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც თავის პროდუქტს ყიდის.

“ეს არის ჩვეულებრივი პროდუქტი, ისეთივე როგორსაც მაგალითად მომხმარებლებს მაღაზიები სთავაზობენ. ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ რა ეს კრედიტი. ეს არის პროდუქტი, როგორც მაღაზიაში სთავაზობენ, ისე სთავაზობს ბანკი პროდუქტს. თუ ვინმეს შემოსავალი არ აქვს, სესხი არ უნდა აიღოს, ან რჩევა უნდა ჰკითხოს უფრო კომპეტენტურ ადამიანს’’

– ამბობს ვაჟა კაპანაძე.  

თუმცა, რეალობა არის ერთი, ქვეყანაში, რომლისთვისაც უმუშევრობა ერთ ერთი მთავარი გამოწვევაა, ხოლო 3,5 მილიონი ადამიანიდან 1,5 მილიონი სოციალურად დაუცველად თვლის თავს (სტატისტიკის სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით) მარტივად მიწოდებული კრედიტები შესაძლოა მთავრობის ახალი თავსატეხი გახდეს. ბუნებრივია, ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს – სჭირდება თუ არა მას სესხი, მაგრამ ცდუნება, როგორც ნარკოტიკის, აზარტული თამაშების მიმართ ამ მიმართულებითაც ძალიან დიდია.

ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს არეგულირებს კანონი, იდება ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის შესრულება ორივე მხარემ უნდა უზრუნველყოს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებებში, ძირითადად, ბანკების უფლებებია გაწერილი, კლიენტის უფლებები კი მინიმუმამდეა დაყვანილი. დიდი პრობლემა არის ისიც, რომ დღეს საქართველოში ბანკებთან ჯანსაღი ურთიერთობის საკმაოდ დაბალი კულტურა არსებობს.

მომხმარებელი ისე იწყებს ბანკთან თანამშრომლობას, ვთქვათ იღებს კრედიტს, რომ ხელშეკრულებაში საერთოდ არ იხედება. თუმცა, ხელშეკრულებაც რომ წაიკითხოს, ჩვეულებრივი კლიენტისთვის საკმაოდ რთულად აღსაქმელია მასში გაწერილი პუნქტები. მომხმარებელმა არ იცის, რა უფლებები აქვს ბანკთან ურთიერთობაში და რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრობლემების თავიდან ასარიდებლად. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ საბანკო ომბუდსმენის სამსახურის შექმნის საკითხიც დადგა, თუმცა ეს თემა დავიწყებას მიეცა და კლიენტი უზარმაზარი საფინანსო სექტორის წინაშე ისევ მარტო დაუცველად დგას.

მაკა ვარადაშვილი