მიხეილ დუნდუა: ლარის გამყარებისთვის აუცილებელია სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა

გასულ კვირას ეროვნულმა ვალუტამ პოზიტიური ტენდენცია აჩვენა და რამდენიმე პუნქტით გამყარდა, თუმცა, მიმდინარე კვირას კვლავ გაუფასურების ტრენდი ჩანს.

რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი მიმდინარე კვირას და როგორ უნდა გაგრძელდეს გამყარების ტენდენცია?

როგორც „კომერსანტთან“ ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, არსებულ სიტუაციაში სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა აუცილებელია, რადგანაც დღეს სამომხმარებლო სესხების გაცემა აჩენს მოთხოვნას საიმპორტო პროდუქციაზე, შედეგად მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან. დუნდუას შეფასებით, ეს პროცესი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

„კომერციული ბანკების საკრედიტო სტრუქტირას თუ შევხედავთ, ძალიან მაღალია სამომხმარებლო საიმპორტო შესყიდვების დაკრედიტების წილი. დაბალია ადგილობრივი რეალური ეკონომიკის დაკრედიტების წილი. შესაბამისად, ფული, რომელიც ხმარდება არა ეკონომიკის ინვესტირებას, არამედ სადოლარე შესყიდვებს, ქმნის პრობლემებს და ლარის დასტაბილურების პოზიტიურ პროცესს აფერხებს. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით გადადგმულიყო ეფექტურად ქმედითი ნაბიჯები“,- აცხადებს დუნდუა.

მისი შეფასებით, არსებულ სუტიაციაში ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო პოლიტიკას უნდა გადახედოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„გასულ წელს ბატონი ქადაგიძე ღიად საუბრობდა იმაზე, რომ სამომხმარებლო სესხების ტვირთი მძიმედ  აწვება ეკონომიკას; დიდი გამოწვევაა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. 2014 წელს ლარი ასეთი დევალვირებული არ იყო და მაშინ იდგა ეს პრობლემა და ამას სავალუტო ფონდიც მიუთითებდა. საუბარი იყო იმაზე, რომ მსესხებლებიდან ყოველი მესამე თავისი ხელფასის ნახევარს ვალის მომსახურებისთვის იხდიდა. დღეს ეს მაჩვენებელი ძალიან გაზრდილი გვექნება, რადგანაც დევალვირებული ლარი გვაქვს. ამ პირობებში ეროვნული ბანკის მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის არგადახედვა, სამომხმარებლო საცალო სესხების არშეზღუდვა, არის წამახალისებელი ლარის კურსის გაფუჭებისა. სწორედ ამიტომაც ეს პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს“,- აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისივე თქმით, დღეს სახეზეა ლარის დასტაბილურების დუნე პროცესი, როდესაც ამის განხორცილება უფრო სწრაფ ტემპებშიც შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა და 2,3937 პუნქტზე დაფიქსირდა. წინა კვირაში კი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2.3980–დან 2.3781–მდე გამყარდა.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]

წყარო: commersant.ge