პენსიების გაზრდას მთავრობა წინ არ აღუდგება

საპარლამენტო კომიტეტებმა 2016 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განიხილეს, შეაჯამეს და დაასკვნეს, რომ გაისად პენსიების მომატება ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.  ამიტომაც მთავრობას ამ მიმართულებით განსაკუთრებული მუშაობა დაევალა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა პენსია 2016 წლისთვის. მინისტრი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მზად არის, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე ამ საკითხზე იმუშაოს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2016 წლის საბიუჯეტო პროექტის შემაჯამებელი მოსმენა გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პენსიის გაზრდის საკითხი იყო. ჯერჯერობით ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„საქართველოს მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. ის განხილულია. ჩვენ პარლამენტის წევრებთან და დაინტერესებულ კომიტეტებთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, გადავხედავთ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და შესაბამისად, შევხედავთ ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს. რა რესურსიც იქნება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

პარლამენტის საბიუჯტო ოფისმა თქვა, რომ თურმე რაღაც რესურსი გვაქვს. მზად ვარ, მათთან ერთად დავჯდე და ვნახოთ, რა რესურსია. ჩვენ სიძნელეებს არ გავურბივართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს.

სამინისტრომ წარმოადგინა პროგნოზი და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ფინანსთა მინისტრი ზეპირ განცხადებებს ვერ გააკეთებს. ყველა განცხადება შესაბამის გაანგარიშებებს და დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ხადურმა საკომიტეტო სხდომის დასრულების შემდეგ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი ირწმუნება, რომ მთავრობა შეასრულებს იმას, რასაც პარლამენტი გადაწყვეტს. „მე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენ, ხოლო ბიუჯეტზე საბოლოო მსჯელობა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარკვეული კატეგორიების პენსიების ზრდა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ზოგიერთი მიმართულებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ხარჯი შემცირდება. სამინისტრო მზადაა ამ საკითხზე იმუშაოს.

„მზად ვართ მუშაობისთვის. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი. მთავარია, პარლამენტთან ერთად გადაწყდეს რა არის პრიორიტეტი და რომელი უფრო სწრაფად დასაფინანსებელია 2016 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კაკაურიძემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი მიჩნევს, რომ თუ იქნება საშუალება, კარგია, რომ პენსიები გაიზარდოს, თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ ყველაფერი მხოლოდ სოციალური კუთხით გადაიქაჩოს.

პარლამენტში შეტანილ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსიების ზრდა მხოლოდ მთიან რეგიონის მოსახლეობას შეეხება და ისიც 2016 წლის სექტემბრიდან. თუმცა, უკვე მიდის მუშაობა იმ კუთხით, რომ „მთის პენსიონერებთან“ ერთად, სექტემბრიდან შეღავათი ბარელებმაც იგრძნონ. რასაკვირველია, მათთვის პენსია უფრო ნაკლები მაჩვენებლით მოიმატებს.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]

წყარო: for.ge