„ქონებაწართმეული ბიზნესმენები“ ხალვაშისა და „რუსთავი 2“-ის მფლობელების დავას აფასებენ

„ქონებაწართმეული ბიზნესმენები“, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების დავას ბუნებრივად აღიქვამენ და ამაში ვერანაირ პოლიტიკურ სარჩულს და შერჩევითობას ვერ ხედავენ.

როგორც ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა განაცხადა, ამ პროცესებში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ქიბარ ხალვაში დიდია ხანია პრეტენზიას აცხადებს ტელეკომპანიის წილზე. ბეგიაშვილის თქმით, ხალვაშმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა და აბსოლუტურად ცივილურად იბრძვის.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ არის გამოძიებული სხვა რეზონანსული საქმეები „სამართლიანობის აღდგენის“ ფარგლებში, ბეგიაშვილი პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არსებობს და საქმეები პროკურატურაში, ძიების პროცესში ფერხდება. ბეგიაშვილის განმარტებით, ხალვაშის შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მივიდა, რადგანაც ბიზნესმენს ჰქონდა მტკიცებულებები, დანარჩენი საქმეების შემთხვევაში კი საქმეები სასამართლომდე ვერ აღწევს.

„ჩემს შემთხვევაში მაშინ სასამართლო დავა დასრულებული იყო და საჭირო იყო ახალი მტკიცებულებები, რომ მიმემართა სასამართლოსთვის. პროცესი არის ასეთი: ძიებამ უნდა დაადასტუროს, რომ თავის დროზე უკანონოდ ჩამოერთვა და შემდეგ მიმართოს სასამართლოს და ეს ბერკეტი არ გვაქვს ხელში, რომ მივმართოთ სასამართლოს. ძიების პროცესი იწელება პროკურატურაში. არ არსებობს ნება, რომ სამართლიანობა აღდგეს და დადგინდეს კონკრეტულ საქმეებზე ჭეშმარიტება, ეს არ აინტერესებთ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობთ არაფერი არ არის“

– აცხადებს დავით ბეგიაშვილი.

აქვს თუ არა ქიბარ ხალვაშისთვის ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას შერჩევეთი ხასიათი? ამ კითხვას უარყოფითად პასუხობს დაზარალებული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძეც.

„ეკუთვნის წილზე პრეტენზიის დაყენება ქიბარ ხალვაშს და აყენებს ამ პრეტენზიას. თუ ამას რამე თანმხვედრი მოვლენები აქვს, რა მოხდა? ამაში ცუდი არაფერი არ არის“

– აცხადებს ბაკურ კიღურაძე.

მისი შეფასებით, ქიბარ ხალვაშის დავა ქონების დაბრუნების მიმართულებით დადებითი მოვლენაა და ამას მასობრივი ხასიათი უნდა მიეცეს.

„ამას მასობრივი ხასიათი უნდა მივცეთ და ყველა მიმართულებით სამართალი უნდა აღვადგინოთ. ეს შესანიშნავი მაგალითია, მივესალმები ასეთ პროცესებს და ამისი ტირაჟირება უნდა მოვახდინოთ“

– აცხადებს ბაკურ კიღურაძე.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“–ის თანამფლობელი იყო 2004–2006 წლებში, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„რუსთავი 2“ და ზოგიერთ ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობა”, აცხადებენ რომ ხალვაშის ქმედებები მთავრობის მიერ არის მართული, ხოლო ამ უკანასკნელს, მათი თქმით, სურს კონტროლი დაამყაროს ტელეკომპანიაზე. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მთავრობას ამ დავასთან არაფერი აქვს საერთო.

კომერსანტი