SOCAR Georgia – აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოსთვის გაზის მიწოდებას

SOCAR Georgia Gas-ის გენერალური დირექტორი მაჰინ მამედოვი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას საჭირო მოცულობით. ამის შესახებ SOCAR Georgia Gas-ის გენერალურმა დირექტორმა მაჰინ მამედოვმა განაცხადა.

„ინტერფაქს-აზერბაიჯანის“ ინფორმაციით, ეს განცხადება მამედოვმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება გაზის მიწოდება, რის გამოც აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული გაზი საკმარისი არ არის და ამიტომ ქართული მხარე „გაზპრომთან“ აპირებს მოლაპარაკებებს.

SOCAR Georgia Gas-ის გენერალური დირექტორის თქმით, ყოველდღიურად აზერბაიჯანიდან საქართველოში 5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ხდება, რასაც ემატება 1 მილიონი კუბური მეტრი გაზი შაჰ-დენიზის საბადოდან.

„საქართველოს მიერ მოხმარებული გაზი კი დღიურად 6,2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ასე რომ, ჩვენ თითქმის სრულად ვაკმაყოფილებთ მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მოცულობის მიწოდებას“

– განაცხადა მაჰინ მამედოვმა.

25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო 2015-2016 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს.

ამ კვირის დასაწყისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „გაზპრომთან“ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოში რუსული გაზის მიწოდების კონკრეტულ დეტალებს განიხილავენ.

BPN