Samsung–ისა და Apple–ის „ომი“ ქართულ ბაზარზე – კონკურენტები ერთმანეთის პროდუქციის ხარვეზებზე საუბრობენ

„სამსუნგსა” და „ეფლს” შორის მსოფლიო ბაზარზე არსებული, ტრადიციული დაპირისპირება ქართულ ბაზარზეც ინაცვლებს.

სმარტფონების ორი უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის ქართული წარმომადგენლობები საკუთარი პროდუქტების უპირატესობებსა და კონკურენტების მინუსებზე საუბრობენ.

„სამსუნგის” ოფიციალურ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ „ეფლის” ტელეფონებს ერთფეროვანი დიზაინი აქვს, რაც მომხმარებელს ინდივიდუალურობის შეგრძნებას არ აძლევს.

„ეფლის” პროდუქციის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ „სამსუნგის” სმარტფონები, „აიფონისგან“ განსხვავებით მასობრივი პროდუქცია და ნებისმიერ კატეგორიაზე გათვლილი ბრენდია და მისი შეძენა როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასის ადამიანს შეუძლია.

რაც შეეხება ბრენდების წილს ქართულ ბაზარზე, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, საქართველოში შესაბამისი კვლევები არ არსებობს და უცნობია, ბაზრის რა წილი უჭირავს ამა თუ იმ ბრენდს. ამ ფონზე კი ორივე ბრენდის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მოთხოვნადია.

როგორც „კომერსანტთან” კომპანია „სამსუნგის” მობილური ტელეფონების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, შოთა ლურსმანაშვილმა განაცხადა, მომხმარებელს „ანდროიდის” სისტემა უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე IOS.

მისი განცხადებით, „სამსუნგი” მოდელების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა და ნებისმიერ მომხმარებელს სასურველი დიზაინისა და მონაცემების ტელეფონის შეძენა შეუძლია. მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მათი მთავარი კონკურენტი კომპანია „ეფლია”.

„ჩვენთან, სამწუხაროდ არ არის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს და იძლევა ზუსტ ინფორმაციას ვის რა ადგილი უჭირავს ბაზარზე, მაგრამ ჩვენი შიდა ინფორმაციით, პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ ჩვენ და დანარჩენ პოზიციებს კი სხვა კომპანიები ინაწილებენ” – აცხადებს ლურსმანაშვილი.

იგი გაყიდვების რაოდენობასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს პროდუქციის მომხმარებელთა რაოდენობა ოდნავ შემცირდა, თუმცა ვითარება ბოლო პერიოდში სტაბილურდება და გაყიდვების მაჩვენებელი სასურველ ზღვარს უახლოვდება. „სამსუნგის” ტელეფონის ღირებულება 250-დან 2300 ლარამდეა.

„ეფლის” პროდუქციის რეალიზატორ მაღაზიაში „აიტექნიკი” კი აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, მათი მომხმარებლების რაოდენობა 15-20 %-ით გაიზარდა. ამას მაღაზიაში ახალი მოდელების დამატებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ „აიფონ 6″-ის სახით, კომპანიამ ბაზარზე სრულიად ახალი, რევოლუციური სმარტფონი წარმოადგინა.

„აიტექნიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი შალვა დემეტრაშვილი აცხადებს, რომ კონკურენტებად მხოლოდ „აიფონის” რეალიზატორებს მიიჩნევენ და სხვა ბრენდებს კონკურენტებად ვერ აღიქვამენ.

„რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მომხმარებელი, ისე პროდუქცია. ჩვენი მომხმარებლის 80 % არის ის ადამიანი, ვინც იცის რას და რატომ ყიდულობს. მათ იციან. რომ IOS ძალიან მოწესრიგებული და მრავალფუნქციური სისტემაა, არ „ჭედავს“ „ანდროიდის” მსგავსად და ძალიან უსაფრთხოა. დანარჩენი 20 % კი არის ის მომხმარებელი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეფლის ლოგო და მეტი არაფერი” – განმარტავს დემეტრაშვილი.

მისივე თქმით, „სამსუნგის” სმარტფონები ნებისმიერი კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი და ის ხელმისაწვდომია როგორც დაბალი, ისე მაღალი სეგმენტის წარმომადგენლებისთვის. იგი აცხადებს, რომ კომპანია„ეფლი” ყოველ წელს ერთ ან ორ სმარტფონს უშვებს და თითოეული მათგანი ერთი კატეგორიისთვის ერთი ფასითა და ბიუჯეტითაა გათვლილი”. ცნობისთვის: „აიფონის” ფასები 1092-დან 2965 ლარამდე მერყეობს.

მაღაზიაში „აიფონ +” კი „აიფონის” მთავარ უპირატესობად ბევრ შესაძლებლობას და მარტივ მოხმარებას ასახელებენ. მაღაზიის მენეჯერი ნუკი სიხარულიძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ „აიფონი” პოპულარული თავისი დახვეწილობის გამოა.

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ, გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა, მანამდე კი ოდნავ შემცირებული იყო.

„აიფონსა“ და „სამსუნგს“ შორის მსოფლიო ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა. ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების ლიდერი „სამსუნგია“. თუმცა ამ უკანასკნელს პრობლემები აქვს და მისი წილი მცირდება. CNews–ის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში სამხრეთ კორეული მწარმოებლის წილი ბაზარზე 21,7 პროცენტია, მეორე ადგილზეა Apple -ი 14,1–იანი წილით. ეს მაჩვენებელი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2,4–ითაა გაუმჯობესებული, Samsung–ის წილი კი, მართალია, ისევ აღემატება კონკურენტისას, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1 პროცენტითაა შემცირებული.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან ჩინური მწარმოებლები Huawei, Xiaomi და Lenovo.

commersant.ge