ილია მეორე: ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართავს ყველას, საკითხები განიხილონ არა ქუჩებში, არამედ დარბაზებში.

როგორც პატრიარქმა დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ერში და პოლიტიკურ პარტიებს შორის არის დაპირისპირება. ილია მეორე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემაა. არის დაპირისპირება ერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვა არ უნდა იყოს ქუჩებში. დარბაზებში უნდა დასხდეთ და ესა თუ ის საკითხი მშვიდად განიხილოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე, სადაც სიმშვიდე არ არის, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს”,

– განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოს თავისი კალთა გადააფარა და ვერავითარი შინაგანი თუ გარე მტერი საქართველოს ვერაფერს დააკლებს”,

– განაცხადა ილია მეორემ.