კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანი“ გაიხსნა

კახეთში, „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ალავერდელი მიტრიპოლიტი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „შუხმან ვაინს ჯორჯია“ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო „შატო შუხმანი,“ რომლის პრეზენტაციაც 23 ოქტომბერს გაიმართა. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ამჟამად 260 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„პირველ რიგში მინდა ბატონ შუხმანს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის გერმანელი ინვესტორი, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მისი ინვესტიციები დაიწყო მცირედით და დღეს კომპანიის შატო უკვე მოზრდილი სასტუმროა. გაყიდვებიდან, რომელიც „შუხმან ვაინს“ აქვს, შარშანდელი წელი იყო მილიონ ოთხასი ათასი ბოთლი და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საკმაოდ დიდი პრობლემებია, ამ საწარმოს კარგი გაყიდვები ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი და მეღვინეობა არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული მიმართულებები და შესაბამისად, ყველა წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ჩვენ ძალიან გვახარებს და ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ამ მიმართულებით კომპანიას გამოყენებული აქვს როგორც პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე სხვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფომ დანერგა და შესაბამისად, დღეს უკვე შედეგს ვნახულობთ“

– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მათი დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა არსებული ბიზნესი.