გამოიყენებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა” ეროვნულ ბანკს ,,რუსთავი2″-ის შესანარჩუნებლად

რა მიზნით დატოვა სააკაშვილმა ეროვნულ ბანკში ქადაგიძე, რომელსაც გადადგომა ჰქონდა გადაწყვეტილი

ქართული ეკონომიკისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა უცხო არ არის. მეტნაკლები დოზით პოლიტიკური ფაქტორი ყოველთვის იყო და არის ქართული ბიზნესგარემოს მდგენელი. ამჯერადაც ასეა, თუმცა, ტემპერატურა შედარებით მაღალია. ფაქტობრივი თვალსაზრისით პოლიტიკური დაპირისპირების ფაქტებს ადგილი არ აქვს, მაგრამ განცხადებების და ინფორმაციების გავრცელების დონეზე, საკმაოდ მწვავე სიტუაციაა. გასულ კვირაში უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებაც კი დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების მუხლით.

ყოფილი მმართველი ძალა ,,ნაციონალური მოძრაობა” რეინკარნაციის გზებს ეძებს, ცდილობს კბილებიდან არ გააგდებინოს ყოფილმა მესაკუთრემ ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი – ,,რუსთავი2″. მთელი ძალისხმევა და ყურადღება დღეს სწორედ ,,რუსთავი2′-სკენ არის მიმართული. უკრაინული ,,ვიკილისქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მზადების მთავარი კერა სწორედ ,,რუსთავი2″-ია. ხელისუფლება ამ ფაქტს უყურადღებოდ არ ტოვებს, თავს იზღვევს და ,,რუსთავი2″-ის მიმდებარე პერიმეტრს შსს გაძლიერებულ რეჟიმში იცავს, დამონტაჟებულია დამატებითი კამერები და გაძლიერებულია პატრულირება.

ერთი სიტყვით ეს ყველაფერი შეთქმულებაა თუ შეთქმულების თეორია, ფაქტია, რომ მთელი ყურადღება გადატანილია ”რუსთავი2″-ზე.

,,ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება დავაბრალოთ ყველაფერი, მაგრამ უტვინობას და უჭკუობას ვერანაირად დავწამებთ. მათ შექმნეს ძლიერი სისტემა მმართველობის და ამ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც მათ ,,იურისდიქციაშია”. ,,ნაციონალების” საცეცები დღემდე მოქმედებაშია.

,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ჩამოშორდა, მაგრამ მისი ძლიერი გავლენები რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით:

– მედია, ,,რუსთავი2″-ის და ნიკა გვარამიას სახით (რა თქმა უნდა, მფლობელებიც მათია);
– საფინანსო სექტორი – ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შესაბამისად გიორგი ქადაგიძის და ლაშა თორდიას სახით;
– სასამართლო – საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ გიორგი პაპუაშვილის სახით.

მართალია, დღეს მთავარი ყურადღება ,,რუსთავი2″-სკენ არის მიმართული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ,,ნაციონალების” გავლენის ქვეშ არსებული სხვა ასევე მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებმაც, შესაძლოა, ,,რუსთავი2″-ს ფარული, ან თუნდაც ღია მხარდაჭერა დაიწყონ.

ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე დასმულ გიორგი ქადაგიძეს, მაშინ, როდესაც საფინანსო ზედამხედველობა ეროვნული ბანკიდან გამოდიოდა, საბოლოო მხარდაჭერა გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლომ აღმოუჩინა. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება და ეს უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს აღუდგინა.

,,ნაციონალურ მოძრაობას” რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის მათი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რასაც ხშირად იმეორებენ. ცხადია ისიც, რომ მშვიდ ნიადაგზე ამ ძალის ხელისუფლებაში მობრუნება შეუძლებელია, შესაბამისად მათ ინტერესში შედის სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვა. ,,რუსთავი2″ ამ პროცესში დიდი ხანია ჩაბმულია თავისი სარედაქციო პოლიტიკით და ,,ნაციონალების” მმართველობის პერიოდში ვარდისფერი სათვალით ,,აღჭურვილი” ტელევიზია, დიდი ხანია უკვე შავი სათვალით მოღვაწეობს. ამას დაემატა ,,რუსთავი2″-ის ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის სასამართლო დავა, რის შედეგადაც ტელევიზიის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მეპატრონეები და მენეჯმენტი ღიად აცხადებს, რომ მშვიდობიანად არ დათმობენ ,,რუსთავი2”-ს, ანუ არ დაემორჩილებიან სასამართლოს და სამართალდამცავებს და წავლენ ღია დაპირისპირებაზე. ეს ხომ ვითარების ესკალაციაზე აშკარა და ღია განაცხადია.

სამწუხაროდ, ძალიან ლოგიკურია ბრძოლა მხოლოდ ამ ერთ ფრონტზე არ გაიმართება და არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ამ პროცესში ეროვნული ბანკიც ჩაერთვება. მონეტარული ხელისუფლება დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშაა და მას შეუძლია იმაზე მეტად დაძაბოს სიტუაცია, ვიდრე ხელისუფლების ნებისმიერ სხვა შტოს.

ეროვნული ბანკის პოლიტიკას თუ გადავხედავთ, საბოტაჟის ნიშნები საკმარისზე მეტია. ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გაუარესებაში საგარეო ფაქტორებზე არანეკლები როლი სწორედ ეროვნულ ბანკს მიუძღვის. ეს არის უწყება, რომლის პრეზიდენტი თავის თავს ფინანსური სტაბილურობის გარანტს უწოდებს და ამავდროულად არ დგამს არცერთ ნაბიჯს ეროვნული ვალუტის დასასტაბილურებლად.
ეროვნული ბანკი – ეს არის ორგანო, რომლის პრეზიდენტადაც ყოველგვარი დამსახურების გარეშე ,,ნაციონალებმა” დასვეს 29 წლის გიორგი ქადაგიძე და ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანო დაასუსტეს ისე, რომ ამ უმნიშვნელოვანელი ინსტიტუტის მართვა მთიანად მოარგეს ერთ პირს – გიორგი ქადაგიძეს.
ლოგიკურია, ეს მოხდა იმისთვის, რომ `ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონოდა პოლიტიკური გავლენა ეროვნულ ბანკზე და შესაბამისად მთლიანად ეკონომიკაზე. ამ ვარაუდს ამტკიცებს ერთი ფაქტი. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობა” ,,ქართულმა ოცნებამ” შეცვალა, გიორგი ქადაგიძეს გადაწყვეტილი ქონდა პოსტიდან წასვლა, თვითნებურად. ამის შესახებ მან მიმართა ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლისგანაც მიიღო მტკიცე უარი და მითითება, რომ დარჩენილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე. ისმის კითხვა: რისთვის სჭირდებოდა სააკაშვილს ქადაგიძე ეროვნულ ბანკში?

პასუხი, ალბათ, მარტივია. მას ჭირდებოდა მონეტარული ხელისუფლების და მნიშვნელოვანი ბერკეტის შენარჩუნება პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

აქამდე მიმდინარე პროცესებში ეროვნული ბანკის პპრეზიდენტმა ბრწყინვალედ გაატარა თავისი პოლიტიკური ,,მშობლის” ინტერესები. დღეს კი, ლოგიკურად, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი, როცა ეროვნული ბანკიც უნდა გამოჩნდეს ბრძოლის ველზე, რათა თავის პოლიტიკურ ,,დედმამიშვილს”, ,,რუსთავი2″-ს აღმოუჩინოს დახმარება საერთო მიზნის – ვითარების დაძაბვის მიღწევაში.

დიახ, სწორედაც მოსალოდნელია, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარს დაარტყას. ეროვნული ბანკის მხრიდან შანტაჟს არაერთხელ ქონია ადგილი, ყველას ახსოვს მთავრობის წევრების ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებშიც ისინი ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის ბრალეულობის არარსებობაზე საუბრობენ.

ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა ლარის გაუფასურების შეჩერებას. ანუ ქადაგიძემ მთავრობა დააშანტაჟა, ან დაიწყებთ ჩემს მხარდაჭერას, ან ლარის გაუფასურება გაგრძელდებაო. მთავრობაც შეშინდა და წავიდა ქადაგიძის პირობებზე, ლარი გაჩერდა 2.40-ზე და ლარის გამყარებას არაერთხელ შეპირებულმა მთავრობამ, მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ კურსით დაგეგმა.

ქადაგიძე ამ თამაშიდან გამარჯვებული გამოვიდა, მთავრობას აძახებინა, რომ ეროვნული ბანკი არაფერ შუაშია და მისი პოლიტიკა ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. ამით მას მორალურად(აც) ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, იგივე პოლიტიკის გაგრძელებით ის ლარს შემდგომ დარტყმებს მიაყენებს და ეკონომიკურ ვითარებას კვლავ დაძაბავს. ეროვნულმა ბანკმა ლარის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქცია. მთავრობას კი გზა მოჭრილი აქვს, მათ უკვე თქვეს, რომ ეროვნული ბანკი არაფერ შუაშია.

დღეს არის სიტუაცია, როდესაც ორი მთავარი პოლიტიკური ძალა მუშაობს არა საკუთარი პლიუსების, არამედ მოწინააღმდეგის მინუსების წარმოჩენაზე. ლარის გაუფასურება კი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა სოციალური ფონი დაამძიმოს, რაც პირდაპირ ურტყამს დღევანდელ მთავრობას.

ამდენად, როცა ეროვნულ ბანკს დაჭირდა, საკონსტიტუციო სასამართლო გვერდით დაუდგა. დღეს ნაციონალების გავლენის ერთი სფეროს – ,,რუსთავი2″-ის დაკარგვის საშიშროებაა და დიდია ალბათობა, რომ ეროვნული ბანკი მის გვერდით დადგეს. სამივე მათგანი ხომ ბედკრული ,,ნაციონალების” შვილები არიან.

გიორგი ცაგარეიშვილი