რატომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები სამომხმარებლო სესხებზე

სამომხმარებლო სესხების ნაკადების ზრდა – ხელისუფლების ახალი გამოწვევა, რომელიც პრობლემას უქმნის ეკონომიკის განვითარებას, ამძიმებს სოციალური მდგომარეობას, ასტიმულირებს იმპორტს და, შესაბამისად, მძიმე ტვირთად აწვება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა 2,3 მილიარდ ლარს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება, მთლიანობაში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 3,3 მილიარდი ლარია. ეკონომისტების განმარტებით, წინა წლებში საგარეო ვალების ზრდის ფონზე სამომხმარებლო სესხების ზრდა მიმოქცევაში ლარისა და დოლარის მოცულობებს აბალანსებდა. 2013 წლიდან საქართველო საგარეო ვალის აქტიური დაფარვის ფაზაში გადავიდა. აქედან გამომდინარე, სამომხმარებლო სესხების არსებული ნაკადების შენარჩუნება ქვეყნის ფინანსური გამოფიტვის პროცესს უწყობს ხელს. ეკონომისტების გათვლებით, თუკი შეიზღუდება სამომხმარებლო სესხები, ბანკები იძულებულები გახდებიან ბიზნესპროექტები მოიზიდონ და ფული ეკონომიკის რეალურ სექტორში დააბანდონ.

ეკონომისტი შოთა გულბანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მსგავსი ტენდენციის განვითარება სახარბიელო შედეგს ვერ მოუტანს ვერც ქვეყნის ეკონომიკას და ვერც მომხმარებელს. “ხელს ითბობს მხოლოდ ბანკი და ის საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს სამომხმარებლო სესხებს. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამომხმარებლო ტიპის სესხის აღებისას, ეს თანხა ძირითადად ხმარდება პირველადი მოთხოვნილებების ნივთების შეძენას, ან სხვა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას, რასაც რესტრუქტურიზაციას ეძახიან და ამით კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან მომხმარებლები ვალებში. აღებული სესხით მომხმარებელი არ იწყებს ბიზნესს, არ ქმნის პროდუქციას და, შესაბამისად, ვერ შეაქვს წვლილი ეკონომიკის ზრდაში. ეს კი აუარესებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს”, -ამბობსს შოთა გულბანი და აღნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ საბანკო სესხების მეშვეობით იმპორტირებულ პროდუქციას და ამით პირდაპირ სტიმულს ახდენენ იმპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

“ცხადია, რაც უფრო მეტი პროდუქციის იმპორტირება მოგვიწევს საზღვარგარეთიდან, მით მეტი უცხოური ვალუტა გავა ქვეყნიდან, ანუ იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი ბალანსიც კიდევ უფრო გაუარესდება და ეს, ბუნებრივია, ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება. მსგავს სიტუაციაში მიმაჩნია, რომ მთავრობის ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერიოს და ეფექტური საკანონმდებლო რეგულირებით უნდა შეძლოს საფინანსო სექტორის რეგულირება. ამ კუთხით იმედს ვიტოვებ, რომ ახლად შექმნილ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მალე მიეცემა მუშაობის დაწყების შესაძლებლობა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ მსგავსი პრობლემური საკითხების გადაჭრაზე”

– მიიჩნევს შოთა გულბანი.

საკრედიტო სტრუქტურაში სამომხმარებლო სესხების სიჭარბეს პრობლემას უწოდებს ეკონომისტი მიხეილ დუდნუაც. მისი განმარტებით, როდესაც რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდაზეა საუბარი, სწორედ ეს საკითხია პრობლემური. კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან მიღებულ ფულს ძირითადად სამომხმარებლო სესხებისთვის იყენებენ და ეს ფული არ ხვდება ეკონომიკის რეალურ სექტორში.

“თანხა, რომელიც რეფინანსირების სესხების სახით მიეწოდება კომერციულ ბანკებს, მიემართება არა ეკონომიკის სტიმულირებისთვის, არამედ სამომხმარებლო, ძირითადად საიმპორტო პროდუქციის შესყიდვისკენ და საბოლოო ჯამში ეს სავალუტო ოპერაციებზე გადადის. ბუნებრივია, ეს ლარის კურსზე მოქმედებს და მის გაფუჭებას ემსახურება. კარგი იქნება, თუკი ეროვნული ბანკი გადავა მაკროპრუდენტულ მართვაზე, კლასიკური წესით მოახდენს იმ დარგების დაკრედიტების შეზღუდვას, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან კავშირში არ არის. ასევე შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციას”

– ამბობს მიხეილ დუნდუა. მისი თქმით, სავალუტო ფონდი ცალსახად ამბობდა, რომ 2014 წელს საცალო სესხის გადამხდელთა მესამედი თავის შემოსავლის ნახევარზე მეტს ვალის მომსახურებისთვის იყენებს, შესაბამისად, ეს პროცესი შესაზღუდი და დასარეგულირებელია.

“ის, რომ სამომხმარებლო სესხები მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას და მომხმარებელს, ამის შესახებ გასულ წელს თავად ქადაგიძე საუბრობდა. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხის სახით უზრუნველყოფს კომერციული ბანკების ძალიან მსხვილ დაკრედიტებას ისე, რომ არ არის განსაზღვრული სესხების მიზნობრიობა, არ აქვს ჩამოყალიბებული მაკროპრუდენტული პოლიტიკა. ვღებულობთ მოცემულობას, რომ ფული მიედინება საიმპორტო პროდუქციის შესასყიდად, სავალუტო ოპერაციებისთვის და არარეალური ეკონომიკის დაკრედიტებისთვის”, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფინანსური სექტორის გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ ამ მიმართულებით მთავარი გამოწვევა მზარდი არასაბანკო საფინანსო სექტორი იყო. “ძალიან მზარდია არასაბანკო საფინანსო სექტორი. ანუ მარტივად, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, საუბარია მომენტალურ განვადებებზე, არარეგისტრირებულ საკრედიტო კავშირებზე და ა.შ ლომბარდების ინდუსტრია ნახევარ მილიარდზე მეტია, ას მილიონზე მეტია მომენტალური განვადების სხვადასხვა სერვისები და ა.შ. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ ამ მოცულობის სიდიდეს და ეს არის ძალიან მაღალპროცენტიანი სესხი თავისი შინაარსით და დავუმატებთ იმას ჩვეულებრივ საბანკო კრედიტებს, რომელსაც მომხმარებლები იღებენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლეობის ვალის ტვირთი საკმაოდ მაღალია და ეს შეიძლება სერიოზულ გამოწვევად იქცეს მთლიანად ეკონომიკაში” – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა იკვეთება იმაში, რომ საკრედიტო ინსტიტუტი ასეთ ადამიანს სთავაზობს ახალ სესხს ძველი სესხის გადასაფარად.

“როგორც წესი, ეს არის საკითხის დროებითი მოგვარება და არა ფუნდამენტურად. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა არის მეორე ფაქტორიც – მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარვა”

– განმარტა ქადაგიძემ.

რეალობა კი შემდეგია: მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა, რომელზედაც ქადაგიძე საუბრობდა უფრო ღრმავდება, მასზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია ეროვნულ ბანკს. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროში, თუმცა ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს არც მთავრობას. საბოლოო ჯამში, ისევ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა, საფინანსო სექტორთან ერთად, თვითდინებაზეა მიშვებული.