1 ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს აღემატება 40 000 ლარს, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება – დასაბეგრი ქონება – და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირებსაც.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიმუშავა „საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგია“, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფად სწორედ ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები შეირჩა. ამ კატეგორიის გადასახადის გადამხდელების მიერ ნებაყოფლობითი გადახდევინების დონის გაზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს, რის გამოც მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული  ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების მონიტორინგი.

აღნიშნული სტრატეგიის მოთხოვნებიდან და გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს გადასახადის გადამხდელეთა რა კატეგორიას ევალება კანონით ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება:

თუ ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს აღემატება 40 000 ლარს, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება – დასაბეგრი ქონება  და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით, ვალდებულია  წარმოადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა  და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე,  არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.

ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი,  მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

•    ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგ: თუ ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალია 120 000 ლარი, მასთან დაკავშირებული დეკლარირებული ხარჯი კი 80 000 ლარი, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 000 (120 000 მინუს 80 000) ლარს და სწორედ ის არის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ერთობლივ შემოსავალში ჩასართველი და არა 120 000 ლარი);

•    ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

•    დარიცხული ხელფასი (ამ შემთხვევაში შემოსავალში შეიტანება დარიცხული ხელფასი და არა ხელზე გაცემული, საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ არსებული ხელფასი);
•    მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

    სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი (მცირე მეწარმისთვის დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ხარჯის გამოქვითვის გარეშე);

    დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;

შემოსავლებში არ შეიტანება:

•    ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

•    ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

•    იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების  თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

•    ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

•    სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;

•    მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;

საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

დეკლარაციაში  მონაცემები დასაბეგრ ქონებაზე შეიტანება გასული საგადასახადო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული:
•    უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ასევე, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით.

•    ფიზიკური პირის დასაბეგრ ობიექტს არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

•    40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;

•    100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ზუსტ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით, მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

•    საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

•    მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

•    სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

•    მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 ჰექტარზე, ხოლო არასასოფლო სამეურნეო მიწის შემშთხვევაში 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით  ლარში და კონკრეტულ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.