ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება

ფონდ “ქართუს” ხელშეწყობით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება. სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ინფორმაციით, რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად უპრეცედენტო, მასშტაბური საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ქვეშ შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი OpenNet.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება 2 000-მდე დასახლებული პუნქტი. პროექტი ხორციელდება ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით.

OpenNet-ის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას მიიღებს 190,000-მდე აბონენტი, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება.

პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს. გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.
პროცესის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინება, რომლის უზრუნველსაყოფად საქართველოს ინოვაციის და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შემუშავდა საკონსულტაციო სამუშაოების სტრუქტურა. შეფასებას. საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა “დოიჩე ტელეკომის” ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი”, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

წყარო: interpressnews.ge