მობილურ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს

მობილურ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს. აუქციონს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიმდინარე წელს გამოაცხადებს.

როგორც კომისიაში განმარტავენ, აუქციონზე გამოტანილი იქნება იმ რაოდენობის რადიოსიხშირული სპექტრი, რომელიც ერთი დამოუკიდებელი კომპანიის ოპერირებისთვის საკმარისი იქნება.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში  განაცხადეს, რომ აუქციონში მონაწილეობა ადგილობრივი კომპანიების გარდა საერთაშორისო კომპანიებსაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რადიოსიხშირული სპექტრის ფლობის გარეშე ახალი კომპანია ქართულ ბაზარზე ვერ შემოვა, აქედან გამომდინარე, თუ კომპანიას შემოსვლის სურვილი აქვს, სწორედ ეს სიხშირეები უნდა შეიძინოს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის აუქციონი „მაგთიკომისა“ და „ჯეოსელის“ მოთხოვნითაც იმართება, რომლებსაც საკუთარი მომსახურების გაუმჯობესება სურთ და სწორედ ამ მიზნით მათ კომისიას უკვე მიმართეს.

ინფორმაცია, რომ ქართულ ბაზარზე შესაძლოა  ახალი კომპანია შემოვიდეს, გასულ წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, 4G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, გაიზარდა ინტერესი საქართველოს მობილური ბაზრის მიმართ, შედეგად ახალი კომპანიებიც ინტერესდებიან ახალ ბაზარზე შესვლით.

ახალ კომპანიას ბაზარზე ელოდება პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძეც. დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვნად ასახელებს „კომუნიკაციების შესახებ კანონს”, რომლის მიღების შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 350 -500 მილიონი ლარი შევიდა. მისი თქმით, აღნიშნულმა კანონმა ბევრი ახალი სიხშირე გააჩინა, რაც საშუალებას აძლევს სხვა კომპანიებს განაცხადი შეიტანონ და ამ სიხშირეებით ისარგებლონ, შედეგად, ეს კანონი დამატებით კიდევ ბევრ ინვესტიციას მოიზიდავს.

сommersant.ge