სად რა ფასად შეიძლება ზამთარში დასვენება

შემოდგომა ძალაში შედის და ტემპერატურის კლებასთან ერთად სულ უფრო მეტად ვგრძნობთ  ზამთრის მოახლოებას. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ აქედანვე თვალს გადავავლეთ იმ კურორტების მდგომარეობას, სადაც ზამთარში შეგვიძლია დასვენება. „ბანკები და ფინანსები“ გთავაზობთ ზამთრის იმ კურორტების ჩამონათვალს , თუ სად  რა ფასად შეიძლება  ზამთარში დასვენება.

გუდაურში, 4 ვარსკვლავიან  სასტუმრო „გუდაური მარკო პოლო“-ში  სტანდარტული ნომრის ფასი 258 დოლარიდან იწყება და 1105 დოლარმდე მერყეობს, გათვალისწინებულია საუზმე და ვახშამი. ”გუდაური მარკო პოლო” აღჭურვილია 78 კომფორტული ორსაწოლიანი ოთახით, ჩოგბურთის კორტებით, ბარით, ცალკე ოთახით მწეველთათვის, სადაც განთავსებულია ბუხარი.  სასტუმრო ასევე გთავაზობთ მრავალფეროვანი კერძების არჩევანს, განტვირთვას ბოულინგ ცენტრში და ღამის კლუბში. სასტუმროში დაბინავებულთ შეუძლიათ გაერთონ და განიტვირთონ სპეციალურად მოწყობილ ვიდეო ჩვენებების ოთახში, საცურაო აუზსა და საუნაში, მაგიდის ჩოგბურთის თამაშითა და დიდი ჩოგბურთის კორტებზე გასვლით, მასაჟისა და ფიტნეს ცენტრებში, რაც შედის სასტუმროს ოთახის ღირებულებაში.

სასტუმრო Carpe Diem Gudauri  ეს არის თანამედროვე და კომფორტული სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ცენტრალური საბაგიროდან 100 მეტრის მანძილზე. მიუხედავად იმისა, ოჯახურ დასვენებას გეგმავთ, ექსტრემალური სათხილამურო თუ მეგობრებთან ერთად გართობას – სასტუმრო საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ. 52 კომფორტული ნომერი ულამაზესი ხედებით, უზრუნველყოფილია გათბობით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებით, სააბაზანო პარფიუმერიით და სხვა თანამედროვე საყოფაცხოვრებო საშუალებებით. სტანდარტული ერთ ადგილიანი ნომრის ფასი 165 დოლარია, ხოლო საოჯახო ნომრის ფასი 350 დოლარი. გათვალისწინებულია საუზმე და ვახშამი.

გუდაურში საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამის ნომრის ღირებულება 30 დოლარიდან 130 დოლარამდე მერყეობს. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სერვისის ხარისხზე.

სასტუმრო ”ვილა პარკი” მდებარეობს კურორტ ბაკურიანის ცენტრში, პარკის მახლობლად. სასტუმროს ინტერიერი მყუდრო, თანამედროვე, თბილი და სასიამოვნოა. სასტუმროს წინ მდებარე საბავშვო გასართობი მოედანი კი კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის ბავშვებთან ერთად  სასტუმროში დასვენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 წლამდე ბავშვის მომსახურეობა სასტუმროში სრულიად უფასოა. „ვილა პარკში“ სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრის ფასი 171 დოლარია, გათვალისწინებული საუზმე, სადილი და ვახშამი.

პირველი კლასის სასტუმრო “ვერე პალასი”  ბაკურიანში გთავაზობთ ყველა პირობას ზამთრისა თუ ზაფხულის სეზონის სასიამოვნოდ და აქტიურად გასატარებლად. სასტუმროში “ვერე პალასი” თბილი, ტრადიციული გარემო და თანამედროვე სტანდარტები ჰარმონიულადაა შერწყმული. სასტუმროში 48 კომფორტაბელური და კეთილმოწყობილი ოთახია. თითოეულ ოთახში ინდივიდუალური გათბობა, ტელევიზორი საკაბელო არხებით, მინი ბარი და უსაფრთხოების სისტემაა. სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარია,  გათვალისწინებული საუზმე, ვახშამი და სადილი. ორ ადგილიანი ნომრის ფასი კი 150 დოლარია, სადაც ასევე გათვალისწინებულია სამჯერადი კვება.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი ბაკურიანში 40 დოლარიდან 120 დოლარამდე მერყეობს. ღირებულება დამოკიდებულია სერვისის ხარისხზე.

ეს იმ სასტუმროების მცირე ჩამონათვალია, სადაც შესაძლებელია ზამთრის სეზონის გატარება. ”ბანკები და ფინანსები” კვლავაც გააგრძელებს ზამთრის იმ კურორტებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, სადაც ზამთარში შეგიძლიათ კომფორტულად და სასიამოვნოდ დაისვენოთ.