ბანკები მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს არღვევენ

კომერციული ბანკების მხრიდან, საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, –  ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ხუთშაბათს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევის წარდგენისას, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, რომ ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული გაუმჯობესებაა, რაც აისახა კიდევ  სებ-ში შემოსულ საჩივრებსა და ზარებზე, თუმცა კომერციული ბანკების მიერ ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია, ამიტომ ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკაში შესრულების დონეს მკვეთრად ნეგატიურად აფასებს.

კვლევაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, რომელშიც რეგიონული მასშტაბით 6 კომერციული ბანკი იყო ჩართული.

„კვლევისას შედეგებმა დაადასტურა, რომ ძირითად შემთხვევებში კომერციული ბანკები მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები. ასევე, მომსახურების გაწევის დროს არ ხდება პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს თავისი ინციატივით პრეტენზიის დაფიქსირების კუთხითაც შეექმნა პრობლემა. პრობლემები დაფიქსირდა ხელშეკრულების გადაცემასთან დაკავშრებითაც”,

– განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება ინტენსიურ დაკვირვება და განიხილება  მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრებაც.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ანალოგიური კვლევა SBFIC-მა  2012 წელსაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა.

“საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების” წესი, სებ-მა საბანკო სექტორს 2011 წლიდან შესთავაზა და იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განახორციელა.

წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებებში მიუთითონ და ასევე, ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად გააცნონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკების შესახებ, ხელშეკრულების პირობების ცვლილების წესი და სხვ.

საქართველოს ეროვნული ბანკი და „შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის” (SBFIC) 2012 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]