,,სილქნეტი” და ,,კავკასუს ონლაინი” აღარ გაერთიანდებიან

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს “სილქნეტისა” და შპს “კავკასუს ონლაინის” ერთობლივი განცხადება კომპანიების წილების შერწყმის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ განუხილველად დატოვა, რაც იმას ნისნავს, რომ კომპანიები უახლოეს პერიოდში ვეღარ გაერთიანდებიან.

განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამისათვის მარეგულირებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ წარმოადგინათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

სს “სილქნეტიმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ თავის მხრივ კომისიას თხოვნით მიმართეს და განხილვის 11 ნოემბრამდე გადადება მოითხოვეს, რაზეც კომისიისაგან უარი მიიღეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, განხილვისა და საჯარო მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომისია საქმის ანალიზს ვერ მოასწრებდა.

“2 კვირით მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომპანიებს რომც წარმოადგინათ დოკუმენტაცია, ჩვენ დრო არ გვრჩებოდა მის შესასწავლად. გადავადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მივიღებდით,”- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

კომისიაში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ “კავკასუს ონლაინის” წარმოადგენლები, ხოლო “სილქნეტის” წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამიტომ უცნობია, აპირებენ თუ არა ინტერნეტ- პროვაიდერები განახლებული განცხადებით მიმართონ კომისიას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავიდან იმსჯელებს, განიხილოს თუ არა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის შესახებ განცხადება, თუ პროვაიდერები ხელახლა მიმართავენ კომისიას. რასაც დამატებით 3 თვე დასჭრიდება.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]