რა სქემით შედის მიხეილ სააკაშვილთან ქართული მილიონები

მამია სანადირაძე აცხადებს, რომ ყარამანაშვილების უკან რეალურად მიხეილ სააკაშვილი დგას. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანების დახმარებით მას სააკაშვილმა „კავკასუს ონლაინი“ გამოსძალა. სანადირაძე აცხადებს, რომ მათ ოფშორში დაარეგისტრირეს კომპანია “ნელგადო”, რომლის დირექტორი წლების განმავლობაში ლევან ყარამანიშვილი იყო და რომელიც კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და ზღვაში ჩადებული კაბელის თანამფლობელი გახდა – „დაახლოებით ორი წელია მას შემდეგ, რაც ვიჩივლე საქართველოს სასამართლოში, ყარამანიშვილი გადადგა ამ კომპანიის დირექტორობიდან. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ეს ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც წილებს ფლობენ “ბილაინშიც” და “კავკასუს ონლაინშიც”. ახლა ცდილობენ, რომ უკვე კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ.“ „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელის თქმით, კომპანიის შეძენით დაინტერესებულია „ტურქტელეკომი“ – „თურქები და რუსები, რომელთაც თავის დროზე არ მივყიდეთ ჩვენი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას.“ სანადირაძე ამბობს, რომ თუ თურქები ან რუსები შეიძენენ ხსენებულ კაბელს, ისინი ფაქტობრივად ჩაკეტავენ საქართველოს და ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. მამია სანადირაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ყველა მონოპოლისტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, დღემდე არსებობს. მისი განცხადებით, სააკაშვილი სწორედ მონოპოლისტებისგან შესული ფულით აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“. „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი ასევე ამბობს, რომ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “კავკასუს ონლაინში” შტატები გაბერილია და “ნაციონალური მოძრაობის” ყველა აქტივისტი და ზონდერი აღნიშნულ კომპანიაში იღებს ხელფასს – „გარდა ამისა, თუ რამე აპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული ჩემ შემდეგ, ყველაფერი ისევ მუშაობს და ისევ უსმენენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს მთავრობა, ჩემდა გასაკვირად, ყველაფრის უფლებას აძლევს”.

კვირის პალიტრა