“სავალდებულო მარკირების ბრძანება მთავრობაში გავასაჩივრეთ და მისი მოქმედება შეჩერებულია”
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს ბრძანება, სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით, მთავრობაში გაასაჩივრა. ამ ეტაპზე ბრძანების მოქმედება შეჩერებულია.
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ კომპანია კოკა-კოლაში ამ ეტაპზე, მარკირების აპარატურა არ დამონტაჟებულა, მისივე ინფორმაციით, გასაჩივრება არასწორი ხელშეკრულების გამო მოხდა.
“ჩემი ობიექტური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ უცხოურ კომპანიებს არ უნდა გადაუხადოს ის თანხები, რომელიც სავალდებულო არ არის.
ჩვენ ფინანსთა სამინისტროს ბრძანება, სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით, გავასაჩივრეთ მთავრობაში, აქედან გამომდინარე ბრძანების მოქმედება შეჩერებულია. იურიდიული წესები არსებობს, რომ როდესაც ასაჩივრებ ბრძანება ჩერდება.
ჩვენი ქმედება არ ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგებით საქართველოში არსებულ კანონებს, რომლებიც აღრიცხვიანობას ეხება.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელშეკრულებით, აღრიცხვის თანხა ევროში უნდა გადავიხადოთ. ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვიწვალოთ, და იმ კომპანიამ უნდა დათვალოს ფული და ჩაიდოს ჯიბეში. არც ერთ გადასახადს ეს კომპანია საქართველოში არ იხდის. არ შეიძლება ევროში დააფიქსირო ქვეყნის შიგნით არსებული რეგულაციები, როდესაც ერთადერთი საგადასახადო საშუალება არის ლარი.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე და ვლაპარაკობთ მხოლოდ პოლიტიკაზე, ამის გამოა ქვეყანა ესეთ დღეში”,
– აცხადებს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით არაალკოჰოლური სასმელების სავალდებული მარკირება ძალაში 1 ნოემბრიდან შედის.
ipress.ge
[wpolling id=”9″ width=”” height=””]