გიორგი ქადაგიძე: ჩვენ შეგვიძლია კურსის ადრინდელ დონეს დავუბრუნდეთ
ლართან დაკავშირებული პრობლემის ფუნდამენტური მოგვარების შემთხვევაში, ჩვენ პრინციპში, შეგვიძლია კურსის ადრინდელ დონეზე დაბრუნება.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსულ გამოცემა „ვლასტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება მდგომარეობს შემოსავლების ზრდაში.
„ჩვენ რეალურად უნდა გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები ექსპორტის, ტურიზმის,ინვესტიციების საშუალებით. მეტს გამოვიმუშავებთ – უკეთ ვცხოვრობთ. და თუ ეს მოხდება, პრინციპში, შეიძლება კურსის ადრინდელ დონეს დაუბრუნდეს,“– განაცხადა ქადაგიძემ.
ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას სებ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 8,5 მილიარდი დოლარის იმპორტს მოიხმარდა, რომელსაც დაფინანსება ესაჭიროებოდა.
„ეს კი ოთხი სხვადასხვა გზით მიმდინარეობს: 4 მილიარდი დოლარი – ექსპორტი. ანუ ჩვენი სავაჭრო დეფიციტი 4,5 მილიარდი დოლარია და ის ფინანსდება შემდეგნაირად: 1,6 მილიარდი – ტურიზმი, 1,4 მილიარდი – საფოსტო გადმორიცხვები მოქალაქეებისგან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, დანარჩენი 1,5 მილიარდი ესაა პირდაპირი ინვესტიციები. ანუ თუ ჩვენ შევძლებთ მოვიზიდოთ 1,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დაბალანსებულია, და არ არის არავითარი ზეწოლა კურსზე.
რა მოხდა წელს? ექსპორტი დაეცა 25%–ით, გადარიცხვები 25–30%–ით შემცირდა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ვერ გადაფარა ეს დანაკლისი. ასეთი რამ ეკონომიკის ისტორიაში საკმაოდ ხშირად ხდება და საგადამხდელო ბალანსის კლასიკური შოკი ეწოდება.
რის გამო დაეცა ექსპორტი, ნათელია – რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარების გამო. გადარიცხვების მოცულობა რუსეთსა და საბერძნეთში არსებული მდგომარეობის შედეგად შემცირდა,“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ძალიან დოლარიზებულია.
ჟურნალისტი დაინტერესდა იმ თემითაც, რომ ქადაგიძეს წინა ხელისუფლების „ხელდასმულად“ მოიხსენიებენ და რომ მან შეგნებულად არ დახარჯა რეზერვები, რათა ლარის კურსისთვის ზიანი მიეყენებინა და ამით ახლანდელი ხელისუფლება დაეზარალებინა. ამ შეკითხვაზე გიორგი ქადაგიძის პასუხი ასეთია:
„ყველაზე პოპულარული და ყველაზე არასწორი მეთოდია მოითხოვო, რომ ცენტრალური ბანკი ჩაერიოს და თავისი რეზერვები დახარჯოს. ეს საერთოდ არაეფექტურია, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მრავალწლიანი მსოფლიო ეკონომიკური ისტორია, არამედ ჩვენი მეზობლების მაგალითები – იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც გაცილებით მდიდრები არიან საქართველოზე ენერგომატარებლების ექსპორტის გამო, მრავალმილიარდიანი ინტერვენციების შემდეგ მაინც მოახდინეს ვალუტების დევალვაცია. რადგან როცა საუბარია ფუნდამენტურ დისბალანსზე, რეზერვების ხარჯვა დიდი უაზრობაა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, და არც გაგვიკეთებია ეს.“
გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ბოლო კვირებში კურსი დასტაბილურდა.
მისი თქმით, საქართველოს ვალები „არ ახრჩობს,“ არ არის პრობლემა რეგულაციის თვალსაზრისით, არის ბიზნესკლიმატის კარგი მაჩვენებლები, მაღალი ანტიკორუფციული ინდექსი და არსებობს ყველანაირი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ წლის ბოლოს საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება მცირე ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 3%–იანი. თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ეკონომიკის პროდუქტიულობა.
„და თუ ჩვენ შევძლებთ მომავალი 10 წლის განმავლობაში გავიმეოროთ ის წარმატება, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში გვქონდა, ჩვენ მივიღებთ წარმატების კლასიკურ ისტორიას – როგორ გახდა ღარიბი სახელმწიფო 20 წელიწადში საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყანა.“
commersant.ge
[wpolling id=”9″ width=”” height=””]