ხელისუფლება ბიზნესს საახალწლოდ ახალ რეგულაციებს უმზადებს

 პარლამენტი ბიზნესის სფეროში ახალ რეგულაციებს ამზადებს. ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, ამით ქართველი მწარმოებლები განვითარების სერიოზულ სტიმულს მიიღებენ, ბიზნესმენთა ნაწილი კი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მსგავსი რეგულაციებით ქვეყანა სიღარიბისთვისაა „განწირული“.

საუბარია ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე, რომელიც იმპორტიორებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას; ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც გულისხმობს. მთავრობაში მუშაობა მიმდინარეობს შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ეტაპზეც, რომელიც მიზნად ქალთა უფლებების გაუმჯობესებას გულისხმობს. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებულ შრომის ინსპექციას დაჯარიმების უფლება 2016 წლის იანვრიდან ექნება.

კანონპროექტების ავტორთა თქმით, ცვლილებები ბიზნესს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას ევროპასთან დაახლოებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ ახალ კანონებზე იმ კომპანიებში, რომლებსაც ისინი უშუალოდ ეხება. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენთა შორის ამ თემისადმი არაერთგვაროვანი შეფასებებია, ასევე გაირკვა, რომ მათ ნაწილს საერთოდ არ აქვს სათანადო ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

იმპორტიორი კომპანია „ჯი დი ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უტა მაზიაშვილი ანტიდემპინგურ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული კანონების ამოქმედება ბიზნესისთვის რეგულაციაა, ასეთ პირობებში კი, ვერც ბიზნესი იზრდება და ვერც ეკონომიკა. ამის გამო, ასეთი კანონების მიღებით, ქვეყანა განწირულია მუდმივად იყოს ღარიბი ქვეყნების სიაში. მაზიაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ამ კანონებს მიიღებს, თავისუფალი ბაზრისთვის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ყველაფერი ეს კი გამოიწვევს როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას.

„ყველა კუთხით უარყოფითი ეფექტის მქონე იქნება. იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ხარისხიანია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, გაძვირდება, შესაბამისად, თუ არსებობს ადგილობრივი პროდუქტი, ისიც გაძვირდება. არსებობს იმპორტირებული შოკოლადი, რომელიც უფრო იაფია, ვიდრე ადგილობრივი, „ბარამბოს” მიერ წარმოებული, შესაბამისად, იმპორტირებული შოკოლადი იძულებული იქნება გაძვირდეს, ამის შემდეგ კი პროდუქციას „ბარამბოც“ გააძვირებს. როდესაც კონკურენცია იზღუდება, ეს ყოველთვის იწვევს ფასების ზრდას”

-აცხადებს მაზიაშვილი.

მაზიაშვილი შრომის ინსპექციის შექმნის და ამ კუთხით ჯარიმების ამოქმედების ნეგატიურ შედეგებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუშლის დასაქმებას, რადგან ყველა საწარმო შეეცდება არ მოახდინოს კადრების რაოდენობის გაზრდა, რაც თავისთავად იქნება რისკი, მისი სამომავლო მოქმედებების თვალსაზრისით.

მისივე შეფასებით, შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც ქალთა უფლებების გააქტიურებას გულისხმობს, ქალებს უფრო დააზარალებს, ვიდრე ბიზნესს.

„ბიზნესი შეეცდება, რომ ქალი თანამშრომლები თავიდანვე არ აიყვანოს და უპირატესობა კაც თანამშრომლებს მიანიჭოს. ეს სამუშაო ადგილებზე ქალების მამაკაცებით ჩანაცვლებას გამოიწვევს.

ზოგადად, ეკონომიკა ბიზნესების ერთობლიობაა. ბიზნესების უმრავლესობა საქართველოში ახლა იდგამს ფეხს, როდესაც მათ ასეთ დროს ასეთი რეგულაციებით დავახრჩობთ, ეს ბევრი მათგანის დახურვას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, კი შემცირდება ეკონომიკა და გაიზრდება უმუშევრობა. ნებისმიერი რეგულაცია შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდის ტემპს. ჩვენ ისედაც ძალიან დაბალი მშპ-ს მქონე ქვეყანა ვართ, შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანამ გარკვეულ დონეს მიაღწიოს, აუცილებელია სწრაფი ზრდა. ასეთი რეგულაციების პირობებში კი ვერც ბიზნესი იზრდება და ვერც ეკონომიკა”

-აცხადებს მაზიაშვილი.

„კომერსანტი” შეეცადა ადგილობრივი მწარმოებლების პოზიციაც გაეგო, თუმცა, ძალიან გაგვიჭირდა ისეთი ბიზნესმენის პოვნა, რომლებიც ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ სათანადოდ არიან ინფორმირებულნი და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნიათ.

კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტების” გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ რა რეგულაციებზეც პარლამენტი მუშაობს, ეს პატიოსან ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს. შედეგად, თუ ეს კანონონები ძალაში შევა, შესაძლოა „არასწორმა მწარმოებელმა“ ბაზარი დაკარგოს.

რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონს, ჩხაიძე აცხადებს, რომ მომხმარებელთა უფლებები ნებისმიერმა ბიზნესმენმა უნდა დაიცვას.

„კანონმდებლობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, არა მგონია იყოს ისეთი მუხლი, რომელიც ბიზნესს ეწინააღმდეგება”

-აცხადებს ჩხაიძე.

რაც შეეხება შრომის კოდექსში ქალთა უფლებების გაძლიერებას, ჩხაიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დეტალურად რა ცვლილებები შევა კოდექსში, თუმცა, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ისეთი მწარმოებელი, რომელიც წინააღმდეგი იქნება თავისი თანამშრომლის პირობების გაუმჯობესებაზე.

ჩხაიძის თქმით, შესაძლოა ეს საკანონმდებლო ინიციატივები ბიზნესისთვის ერთგვარ რეგულაციად აღიქმებოდეს, თუმცა, თუ გვინდა ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს, ეს ნორმებიც უნდა მივიღოთ.

“კახური ტრადიციული მეღვინეობის” ხელმძღვანელ ზურაბ ჩხაიძისთვის უცნობია რას გულისხმობს ანტიდემპინგური კანონი, თუმცა, ის შრომის კოდექსში ქალთა უფლებების გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის კომპანიაში ქალების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

„მივესალმები ამ კანონს, ქარხნის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამიანი კომპანიის მიერაა დაზღვეული, დაცულია მათი უფლებები როგორც საოჯახო, ისე დეკრეტული და შვებულების მიმართულებით. საერთოდ, თუ ადამიანური მიდგომა არ იქნა, ვფიქრობ, ბიზნესზე საუბარი ზედმეტი იქნება”

-აცხადებს ჩხაიძე.

„კახური ტრადიციული მეღვინეობის” ხელმძღვანელი შრომის ინსპექციის კანონს არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ შრომის კონტროლი ყველას უნდა ეხებოდეს.

„ვთვლი, რომ საქართველოში შრომის კულტურა უნდა ამაღლდეს, ვინაიდან, სხვაგან თუ სამსახური 8 საათზე იწყება, აქ 10 საათზეც იგვიანებენ. სხვაგან თუ შესვენება დროულია, ჩვენთან გაურკვეველია. ამ მხრივ დახვეწა უნდა მოხდეს”

-აცხადებს ჩხაიძე.

commersant.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]