ევრო/დოლარი – იქნება თუ არა პარიტეტი?

ევრო/დოლარის კურსის გათანაბრებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა წყვილის კურსმა ბოლო 12 წლის მინიმუმს, 1.0459-ს მიაღწია. მაშინ ბევრი პროგნოზი კეთდებოდა იმაზე, რომ პარიტეტი სექტემბერში ან ოქტომბერში დაფიქსირდებოდა. სწორედ ამ დროისთვის იყო ყველაზე მეტად მოსალოდნელი, ფედრეზერვის მიერ დოლარის საპროცენტო განაკვეთის პირველი გაზრდა. მაგრამ რიგმა ფაქტორებმა (ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება, საბერძნეთის კრიზისი და ინფლაციის სტაბილურად დაბალი დონე), ფედრეზერვს მოქმედება წლის ბოლოსთვის გადაადებინა.

მეორე მხრივ, ევროპაში კრიზისი კვლავ გრძელდება. ევროზონის ეკონომიკა მესამე კვარტალში მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ 2.0%-ს მიაღწია. ინფლაციის დაბალი დონე, მთელს მსოფლიოში პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეული კი ევროზონისთვისაა, სადაც უკეთესობა QE-ს დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში არც კი დასტყობია. აჟამად ევროზონაში ინფლაცია მხოლოდ 0.2%-ია, რაც ოპტიმალურ მაჩვენებელზე (2.0%) თითქმის ათჯერ ნაკლებია.

სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელობამ, ნოემბერში ლაპარაკი დაიწყო QE-ს მოცულობის გაზრდასა და მოქმედების პერიოდის მომატებაზე. მაგრამ 3 დეკემბრის სხდომაზე, ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ მოულოდნელად, სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებზე ილაპარაკა და QE-ს მოცულობა უცვლელი დატოვა. ამასთან, მისი მოქმედების პერიოდი ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ამას კი ევრო/დოლარის კურსის მკვეთრი (463 პუნქტით) გაზრდა მოჰყვა და ფასი გვარიანად დააშორა პარიტეტს. მართალია, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის პირველმა აწევამ (0.25%-ით), ფასი დაღმავალი ტრენდისკენ შემოაბრუნა, თუმცა ძლიერი მოძრაობა არ გამოუწვევია.

ორი ცენტრალური ბანკის პოლიტიკას შორის რადიკალური სხვაობა, ევრო/დოლარის წყვილში უპირატესობას ამერიკულ ვალუტას ანიჭებს, რომელიც ამჟამად მეორე მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. ბაზარი ამერიკის ეკონომიკის სტატისტიკურ მონაცემებს საკუთარ „ფილტრში“ გაატარებს და დადებითი მაჩვენებლების შემთხვევაში, ეს ასახვას წყვილის ფასზე აუცილებლად ჰპოვებს. განწყობა იგივეა – თუ ეკონომიკას ძლიერი შეფერხება არ ექნება, განაკვეთის მეორე აწევა (ალბათ ისევ 0.25%-ით) მარტშია მოსალოდნელი.

იმავდროულად, არაა გამორიცხული, რომ ევრობანკმა QE-ს მოცულობის გაზრდა მაინც გადაწყვიტოს, რაც ალბათ იანვარში მოხდება. ამ ორი ფაქტორის ინტერფერენციას, ევრო/დოლარის წყვილზე ფასის ძლიერი შემცირება შეიძლება მოჰყვეს, რომელმაც ის წლევანდელი მინიმუმისკენ (1.0459) უნდა წაიყვანოს. რეალურად, ეს პირველი და ალბათ ერთადერთი ძლიერი წინააღმდეგობაა, რომლის გავლაც წყვილის ფასს პარიტეტამდე სჭირდება. ფუნდამენტური ფაქტორებიდან, ამ მოძრაობიას ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, შესაძლოა პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება გახდეს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

შეიძლება ითქვას, რომ ECB-ს მოულოდნელი ოპტიმიზმის საბაბი, გერმანიაში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნებმა მისცა. თუმცა, მთლიანად ევროზონაზე ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია. კვლავაც რჩება ძიერი რისკები, რომლებსაც განვითარებადი ბაზრების სისუსტე, ჩინეთის ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში და რუსეთში პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის და რომლებსაც ევროზონის ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტება შეუძლია. იმავდროულად, დასუსტებული ევრო და ნავთობპროდუქტებზე დაბალი ფასები, ეკონომიკისთვის სტიმულის მიმცემი ფაქტორებია, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას. ოღონდ, შედარებით შორეულ პერსპექტივაში.

გერმანიისგან განსხვავებით, საფრანგეთსა და იტალიაში პროგრესი არ შეინიშნება. ესპანეთში სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ეს ევროზონაში სიდიდით მხოლოდ მეოთხე ეკონომიკაა და საერთო სურათის გაუმჯობესებაზე ზეგავლენა არ შეუძლია. დანარჩენ ქვეყნებში კი სიტუაცია კვლავ არ გაუმჯობესებულა. ევროზონის ყველაზე დიდ, ფინანსურ სექტორზე უარყოფითად იმოქმედებს უარყოფითი სადეპოზიტო განაკვეთი, რაც ECB-მ უძრავი ფულის ბრუნვის სტიმულირებისთვის დააწესა. მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ამას უახლოეს 12 თვეში რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია.

პარალელურად, კვლავ აქტუალური რჩება საბერძნეთის ფაქტორი – „სტანდარტ ენდ პუარზის“ ინფორმაციით, ქვეყანა კვლავ დეფოლტის საფრთხის წინაშეა და მის მთავრობას ისევ უჭირს რეფორმების გატარება და კრედიტორთა მოთხოვნების შესრულება. ოღონდ, როდის გამწვავდება სიტუაცია, ამის თქმა ძნელია.

ევროპისთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება მიგრაცია. წელს ევროპამ მილიონობით მიგრანტი მიიღო ახლო აღმოსავლეთიდან, მაგრამ პარიზის ტერაქტებმა სიტუაცია შეცვალა და ახლა ევროპა საზღვრების უფრო მკაცრად გაკონტროლებას ცდილობს. თუმცა, ISIS-ის ტერაქტებისგან დაცული კვლავაც არაა.

ზაფხულში ევროპელებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე. რუსეთს სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, რაც რა თქმა უნდა, აზარალებს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას, რადგან ისინი რუსულ ბაზარზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი. თუმცა რაც დრო გადის, ეს ფაქტორი სულ უფრო ნაკლებად აისახება ევროპელთა ეკონომიკაზე. და თუ ზაფხულამდე რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, სანქციების გაგრძელებას და უფრო გამკაცრებასაც კი, ხელს ვერაფერი შეუშლის.

ისეთი საფინანსო გიგანტები, როგორებიცაა „გოლდმენ საქსი“, „დოიჩე ბანკი“ და „BNP პარიბასი“ ვარაუდობენ, რომ ევრო/დოლარის კურსი პარიტეტს მიაღწევს. თუმცა ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ პარიტეტის თემა მხოლოდ ხმაურიანი სათაურებისთვის თუ გამოდგება და რეალურად, ორი ვალუტის კურსის გათანაბრება, მოსალოდნელი არაა და როგორც კი ECB-ს ხელმძღვანელობა უფრო ოპტიმისტური ტონით ალაპარაკდება, ევროს კურსიც გამყარებას დაიწყებს. დაახლოებით ისე, როგორც შარშან მოხდა, როცა ფედრეზერვმა თავისი QE-ს ეტაპობრივი შეკვეცის გეგმა გამოაქვეყნა, რასაც მოჰყვა კიდეც დოლარის გამყარების ის ტრენდი, რომელიც ახლაც ძალაშია.

ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით (იხ. გრაფიკი), ევრო/დოლარის ფასს 1.0000-მდე მხოლოდ ერთი ძლიერი წინააღმდეგობა აქვს 12-წლიანი მინიმუმის (1.0459) სახით, რომლის გავლის შემთხვევაშიც, პარიტეტისკენ სწრაფად დაეშვება, თუმცა მისი გარღვევა ძნელად წარმოსადგენია.

7ed04672-8a80-4113-8b67-d1e2bf4d0f7c