თემურ ჭყონია: ბიზნესმენებს მეგობრობა არ სჭირდებათ, ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ტელემაუწყებლობა “მაესტროს” გადაცემაში “ბიზნეს კონტაქტი” მარკირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შვეიცარიული კომპანია, რომელმაც პროდუქციის აღრიცხვა უნდა აწარმოოს, “იმაზე მეტ პროდუქციას მარკავს, ვიდრე ბიზნესმენები უშვებენ, ან პირიქით, ბიზნესმენები იმაზე მეტ პროდუქციას უშვებენ, ვიდრე კომპანია მარკავს”.

“ჩვენს კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი და აქედან გამომდინარე, შვეიცარიული კომპანია მოიწვიეს, რათა ჩვენ დაგვითვალონ პროდუქცია. და რა მოხდა, იცით? არცერთი ციფრი არ ემთხვევა. ჩვენ იმაზე ბევრს ვუშვებთ, ვიდრე ის მარკავს, ან პირიქით, ის უფრო მეტს მარკავს, ვიდრე ჩვენ ვუშვებთ. იმ პიროვნებას, ვინც მარკირების პროცესს აკონტროლებს, თუ რაიმე შეცდომა მოუვიდა, 3 საათი აქვს თურმე იმისათვის, რომ ეს გამოასწოროს. 3 საათი ჩვენი ხაზები რომ გაჩერდეს, ჩვენ დავკარგავთ მილიონებს – 75 ათასი ბოთლი და ეს რამდენჯერმე რომ განმეორდეს, მერე ვინ აგებს პასუხს?!”, – აღნიშნავს თემურ ჭყონია.

ნოდარ ხადურმა 2015 წლის ბოლოს, პარლამენტში განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო გახდება მეტად მეგობრული ბიზნესისა და არა ბიზნესმენებისადმი, რასთან დაკავშირებითაც, ჭყონია აცხადებს, რომ მას ეს მეგობრობა არ სჭირდება.

“რა მეგობრობა უნდა, 60 მილიონს ვაძლევ და კიდე მეგობრობაზე ვეხვეწო? არც არის ჩემთვის საინტერესო თან. არ მჭირდება მე ეს მეგობრობა. ბიზნესმენებსაც არ სჭირდებათ, ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, შუა წელიწადში ნუ გააძვირებს ნურაფერს, იმიტომ, რომ ჩვენ ბიუჯეტი შედგენილი გვაქვს ისე, როგორც სახელმწიფო ადგენს და კონტროლის ქვეშაა საზოგადოების მხრიდან, რათა ეს ბიუჯეტი შესრულდეს, კონტროლზე გვაქვს ამ ბიუჯეტის თითოეული ციფრი. ეს არის სწორი ბიზნესმართვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი არის ჩვეულებრივი ფინანსური ჯგუფი, რომელიც სულ, ჯამში უნდა დაელაპარაკოს 1000 კაცს, რათა მიიღოს სწორი ბიუჯეტი და დასკვნა, რაზეც საუბარი არ ხდება”, – ცხადებს თემურ ჭყონია.