14 იანვარი გირვანქა სტერლინგისთვის მნიშვნელოვანი დღეა

14 იანვარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგისთვის მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ხვალ გადაწყდება, გაგრძელდება ალბიონის ვალუტის სისუსტე, რომელსაც ახალი წლის შემდეგ ბოლო არ უჩანს, თუ მისი „ხარები“, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ ვარდნის შეჩერებას. ხვალ ინგლისის ბანკმა (BOE) გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – დატოვებს სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად (0.50%), თუ – არა. შეიცვლება რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) მოცულობა (375 მილიარდი), თუ – არა. რაც მთავარია, გამოქვეყნდება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ჩანაწერები, სადაც ბანკის შემდგომი შესაძლო მოქმედების შესახებ იქნება ლაპარაკი.

დეკემბერში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, კომიტეტმა და ინგლისის ბანკის თავმჯდომარე მარკ კარნიმ ადრინდელი ოპტიმიზმი ვერ გამოავლინეს. უფრო მეტიც, კარნიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ცენტრალური ბანკი, სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთს უახლოეს დროში ვერ ასწევს. არადა, მასვე ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ განაკვეთის ზრდა 2016 წლის პირველ ნახევარში დაიწყებოდა. კომიტეტის დეკემბრის ჩანაწერებში, სტერლინგის დაბალი ინფლაციის ორ მთავარ მიზეზად, ნავთობზე ფასების დაუსრულებელი შემცირება და დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების ზრდის ნელი ტემპი იყო დასახელებული.

გავიდა ერთი თვე და ნავთობზე ფასები კიდევ უფრო შემცირდა და ფსიქოლოგიურ ბარიერს – ბარელში 30 დოლარს მიუახლოვდა. გარდა ამისა, მძიმე დღეები დაუდგათ მსოფლიო საფონდო ბაზრებს, რაც მეტწილად ჩინეთიდან წამოსული პრობლემების შედეგია. ეს ყველაფერი კი კარნის ხვალ ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მისცემს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ბანკი სტერლინგზე განაკვეთის აწევის მოლოდინს ამ წლის ბოლოსთვის, ან მომავალი წლის დასაწყისისთვის გადადებს.

ნავთობის ფაქტორი და ინფლაცია

ინგლისის ბანკის ნაკლებად „ქორულ“ განწყობაზე გადასვლის ნიშნები ჯერ კიდევ ნოემბერში გაჩნდა, როცა ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 44 დოლარი იყო. ბანკის დეკემბრის შეხვედრამდე, ბარელი ნავთობის ფასი 36 დოლარზე ჩამოვიდა, ამჟამად კი 30 დოლარის სიახლოვესაა. მაგრამ ფაქტია, რომ ნავთობზე ფასის შემცირება მუდმივად ვერ გაგრძელდება და ის ადრე თუ გვიან, ძირს მიაღწევს. ეს შეიძლება 20 დოლარი იყოს, ან უფრო ნაკლებიც.

ახლახანს OPEC-ის რამდენიმე ქვეყანამ, საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვა. უახლოესი გეგმიური შეხვედრა ივნისში გაიმართება, მაგრამ ნიგერია და კარტელის სხვა ქვეყნები საგანგებო შეხვედრას ითხოვენ, რათა ფასის ვარდნის შეჩერება შეძლონ. თუმცა ამას აუცილებლად შეეწინააღმდეგება საუდის არაბეთი. მოკლედ, ნავთობზე ფასის ვარდნის სოლიდური რესურსი ჯერაც არსებობს და რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ინგლისის ბანკი გაითვალისწინებს…

რაც შეეხება ინფლაციას, საკუთარი ბიზნესის რენტაბელობის უზრუნველსაყოფად, კომპანიები თავიანთი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდით თავს არ იწუხებენ, რაც სამომხმარებლო ფასებსა და მოსახლეობის დანახარჯებზე უარყოფითად აისახება. ეს ყველაფერი კი ინფლაციური ფონის გაუარესებას იწვევს. ყოველივეს მიუხედავად, დეკემბრის ჩანაწერებში ოპტიმისტური განწყობა იგრძნობოდა. მაშინ გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ მალე ინფლაციის დონე, მიზნობრივი მაჩვენებლისკენ (2.0%) ზრდას დაიწყებდა. მაგრამ მას შემდეგ სასაქონლო ფასების შემცირება გაგრძელდა…

ჩინეთის ფაქტორი და ევროკავშირიდან გასვლა

გასული კვირის მსოფლიო საფონდო ბირჟის დაცემამ, რომელიც ჩინეთის საფონდო ბაზრის კრიზისს მოჰყვა,  FTSE 100-ის ინვესტორებს ჯამში 44 მილიარდი გირვანქა სტერლინგი აზარალა. ეს რა თქმა უნდა, ბიზნესსა და სამომხმარებლო ბაზრის თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახა. არადა, სულ რამდენიმე თვის წინ, ბრიტანეთი თითქოს განვითარებადი ბაზრების რყევების მიმართ უფრო მედეგი იყო.

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ იმპორტ-ექსპორტის დადებითი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საფონდო ბაზრები გამოაცოცხლა, თუმცა ძნელი სათქმელია, ამან ბაზრებს მხოლოდ კონსოლიდაციის საშუალება მისცა, თუ ეს ცისქვეშეთის ეკონომიკის ფორმაში დაბრუნების ნიშანია.

ბრიტანულ ბაზარს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის. საქმე ისაა, რომ წელს გაიმართება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დარჩება დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ  – არა. პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონს რეფერენდუმის თარიღი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ, მკვეთრ მოქმედებას მოერიდება.

რა არის მოსალოდნელი

თუ ინგლისის ბანკის ჩანაწერებში „მტრედული“ განწყობა იქნება შესამჩნევი, გირვანქა სტერლინგის შემდგომი დაცემა გარდაუვალია ისეთი ვალუტების მიმართაც, როგორებიც ეგრეთ წოდებულ სასაქონლო ვალუტებადაა მიჩნეული – ესაა ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარი. ახალი წლის შემდეგ, ორივე ქვეყნის დოლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. სტერლინგი მხოლოდ მათთან წყვილში მძლავრობდა. მაგრამ ინგლისის ბანკის „მტრედული“ ჩანაწერების შემთხვევაში, სტერლინგს ამ ვალუტებთანაც მოუწევს პოზიციების დათმობა.

რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მასთან წყვილში სტერლინგმა მნიშვნელოვან ზღვარს (ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით) მიაღწია, რაც სტერლინგ/დოლარის წყვილის ფასის თუნდაც მოკლევადიანი ზრდის მოლოდინს წარმოშობს. თუმცა, ეს ფაქტორი გადამწყვეტი არაა და დიდი შანსია იმისა, რომ ფასის შემდგომი ვარდნა ვიხილოთ.

ცნობისათვის, ამჟამად ერთი სტერლინგის ფასი 1.44 დოლარის სიახლოვესაა, რაც 2010 წლის შემდეგ, უდაბლესი მაჩვენებელია.

მერაბ ლორთქიფანიძე