ლარის გაუფასურება და ფულის მასის ზრდის ქრონოლგია

“ფულის მასის ზრდა ნულთან ახლოსაა. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ახდენს გავლენას ლარის კურსზე  გაუფასურების მიმართულებით’’, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ იმ ეკონომისტების საპასუხოდ, რომლებიც ლარის კატასტროფული დევალვაციის პროცესში სებ-ს ფულის მასის მართვის მეთოდებს უწუნებენ.

ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში არსებულ ლარის ოდენობას  აქვს, რადგან კურსი დოლარის და ლარის მასის თანაფარდობით ყალიბდება. რა არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ლარის მასის ზრდის ტემპი დოლარის შემოდინების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აღემატება, ლარის კურსი უფასურდება. ლარის მასის ზრდის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების დეფიციტური ხარჯვაა, ანუ როდესაც მთავრობა იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე იმავე პერიოდში ეკონომიკიდან საბიუჯეტო შემოსავლების სახით იღებს. ამას ემატება ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში დამატებითი ლარის გამოტანა.

26 იანვრის მონაცემებით, მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა მართლაც შემცირებულია 2,310 მლრდ ლარამდე. თუმცა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იყო 2015 წლის 8 თვის განმავლობაში, როდესაც ლარის სწრაფი დევალვაცია მიდიოდა. სექტემბრიდან ლარის მასის 3-თვიანი შემცირების შემდეგ, დეკემბერში აღნიშნული ვექტორი ისევ საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და ამ პროცესმა, გარე ფაქტორებთან ერთად, იანვარში ეროვნული ვალუტის გაუფასურების სტიმულირება გამოიწვია.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ მას იანვარში ლარის გაუფასურება არ გაკვირვებია, ვინაიდან დეკემბერში მიმოქცევაში ლარის მასა ისევ გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 473.4 მლნ და  ხოლო ნაღდი ფული მიმოქცევაში 105.9 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთანავე, 2015 წლის დეკემბერში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 654 მლნ ლარით 13.334 მლრდ ლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდის ტემპმა კი 19.2 პროცენტი შეადგინა. ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი დეკემბერში – 169.2 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა ერთწლიან პერიოდში – 2,5% შემცირდა, მაშინ როდესაც 2015 წლის განმავლობაში ლარის მასა 42 მლნ ლარით არის გაზრდილი.

აქედან გამომდინარე საინტერესოა ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ფულის მართვის ქრონოლოგია. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 2014 წლის შემოდგომას, როდესაც დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის მკვეთრი დაცემა დაიწყო, გარე ფაქტორებთან ერთად ამ პროცესს ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით განვითარებულმა არასწორმა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ. 2014 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აღინიშნებოდა, ამასთან ერთად ნოემბრიდან ბიუჯეტის ხარჯების და რეფინანსირების სესხის ზრდა ლარის მოცულობაზე მნიშვნელოვნად აისახა. 2014 წლის დეკემბერში, იმავე წლის ნოემბერთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა უპრეცედენტო მაჩვენებლით –  241.5 მლნ ლარით გაიზარდა. გასულ წლებში, ერთი თვის განმავლობაში ლარის მასა ამ მოცულობით არასდროს გაზრდილა. ე.წ. სარეზერვო ფული, რომელიც მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულთან ერთად ბანკების დეპოზიტებსაც მოიცავს, დეკემბერში 450 მლნ ლარით გაიზარდა. 2014 წლის 11 თვეში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სარეზერვო ფული 62 მლნ ლარით იყო გაზრდილი, ბოლო თვეში კი 450 მლნ ლარით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ჯერ ეკონომიკის სტიმულირების, შემდეგ ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის მოტივით რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა დაიწყო. მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარის მიუხედავად კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 მილიონიდან 700 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ეკონომისტების განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულ ბანკს  ფულის გაძვირება დაეწყო, რათა ფულზე წვდომა ადვილი არ ყოფილიყო და ლარი გაემყარებინა, მან პირიქით გააკეთა – მიმოქცევაში ფულის მასა გააორმაგა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმოქცევაში გამოდიოდა ემისირებული ლარი, რეფინანსირების სესხები ჯერ 700 მილიონ ლარამდე გაიზარდა, შემდეგ ლარის დევალვაციის კვალდაკვალ ეროვნული ბანკი მის მოცულობას ზრდიდა და ქართული ვალუტის გაუფასურების პიკზე რეფინანსირების სესხებმა 1,2 მლრდ ლარს მიაღწია.

საყურადღებოა ისიც, რომ 2015 წლის დეკემბრის შოკის შემდეგ იანვარში ფულის მასა მცირედით შემცირდა, თუმცა თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით მიმოქცევაში ფულის მასა მკვეთრად იზრდება. სარეზერვო ფულის აგვისტოში იანვართან შედარებით 563,3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ლარის მასა მიმოქცევაში – 257,5 მლნ ლარით. ეს ის პერიოდია, როდესაც ვალუტის დევალვაციამ 40%-ს მიაღწია და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, 1 დოლარი 2,48 ლარად იყიდებოდა.

2015 წლის სექტემბრიდან ფულის მასის შემცირება დაიწყო და ეს პროცესი ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახა, 1 დოლარის ღირებულება 2,38-2,40 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეკემბერში ფულის მასა ისევ გაიზარდა, ამას დაემატა ის, რომ მთელი ერთკვირიანი დევალვაციის განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან ერთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ცენტრალური ბანკის დუმილმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა, ეროვნულ ვალუტაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაძლიერდა და სამწუხაროდ, ქართული ვალუტის გაუფასურების 16 წლიანი რეკორდიც მოიხსნა.

ასე, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ეკონომისტების შენიშვნები, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით ფულის მასის სწორი მართვის განხორციელების შემთხვევაში ქართული ლარის ასეთი მასშტაბურ დაცემას ქვეყანა თავიდან აიცილებდა.