,,მიწის მართვისა და აღრიცხვის სახელმწიფო შექმნა სასიცოცხლო აუცილებლობაა”

,,არსებობს ტყის კოდექსი, წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია”, – აცხადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

– მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიწის ფონდის განკარგვის საკითხი, გაირკვა, რომ მიწის მართვა და აღრიცხვიანობა ჩვენთან მოწესრიგებული არ ყოფილა. რამდენად საჩქაროა ამ ხარვეზის ამოვსება?
– სახელმწიფოს შექმნის უპირველესი ატრიბუტია გარკვეული ტერიტორიის ფლობა, ხოლო სახელმწიფო სიძლიერის განმსაზღვრელია ამ ტერიტორიის სიმდიდრის დეტალური შესწავლა, მისი წარმატებული მართვა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ეს ყველაფერი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და როგორ იმართება ეს ტერიტორია. აქედან გამომდინარე, მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის და, საერთოდ, კაცობრიობისთვის. დღესდღეობით ეს ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი ჩვენთვის შეიქნა.

საქმე ეხება საქართველოს მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ განკარგვას, ანუ, უფრო კონკრეტულად, მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ პრობლემა 2004 წლიდან იღებს სათავეს, როცა ნაციონალებმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი გააუქმეს?
– დიახ, 2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. ფუნქციების ამ გახლეჩას შედეგი არ მოჰყოლია. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის, რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.

2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.

საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე, საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები.
მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.

– იქნებ, დღეს ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს აანაზღაურებს პრივატიზებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში გატარება?
– დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით. მით უფრო, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად აქვს ადგილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ცნებების აღრევას. რეალურად, სავარგული არის მიწის ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის მოსაყვანად. სავარგულების კატეგორიებია: სახნავი, ნასვენი, მრავალწლიანი ნარგავები, სათიბები და საძოვრები, ხოლო საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწებში იგულისხმება სავარგულები და, ასევე, ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები, გზები, ქარსაფარი ზოლები, არხები და ა.შ. ეს ყოველივე კი ემსახურება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. აქედან გამომდინარე, მიწის ბალანსი, მიწის აღრიცხვა ნიშნავს მიწის ფართობების დადგენას მიწის დანიშნულების, კატეგორიებისა და მესაკუთრეების მიხედვით. მაგალითად, მიწის ბალანსი რაიონში აღრიცხავს და აზუსტებს მთლიან ფართობს, მათ შორის, რამდენი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით (სახნავი, სათიბი, საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები: ვენახი, ხილის ბაღები, ციტრუსები, ჩაის ფართობები და სხვ.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყის ფონდის მიწა, წყლის ფონდის მიწა და სხვა მიწები მესაკუთრეების მიხედვით. ამის შემდეგ დგება რაიონის მიწის ბალანსი.

მიწის ბალანსის დაზუსტება უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად, რადგან შესაძლებელია, სასოფლო-სამეურნეო მიწა გადავიდეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში, სათიბი – სახნავში, საძოვარი – სათიბში, მრავალწლიანი ნარგავი – სახნავში და პირიქით. სახელმწიფო მიწები შეიძლება გახდეს კერძო ან მუნიციპალური საკუთრება. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა ვაკეთებთ მიწის კადასტრს?! მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისათვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.

– საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორ ადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, თუკი არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა?
– ეს მართლაც გაურკვეველია. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა ,,სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებში~, როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.
მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, გააჩნია გამოწვევები, რომლებიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად:

1. მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არარსებობა შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას;
2. მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა.

მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უნდა მართავდეს მიწის საინფორმაციო სისტემას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას მიწის დანიშნულების, კატეგორიის, ხარისხის, სამელიორაციო (საირიგაციო/სადრენაჟო) ინფრასტრუქტურის და სხვა მონაცემების შესახებ.

მიწის საინფორმაციო სისტემა ინტერდისციპლინარულ პროდუქტს განეკუთვნება, იგი მჭიდრო კავშირშია სხვა უწყებებისთვის საჭირო ინფორმაციასთან და, ამდენად, იგი უნდა აიგოს სხვადასხვა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან კოორდინაციით (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სხვმიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ასევე მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. მისი არარსებობა, თავის მხრივ, სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონულ განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაზე, სოციალური, დასაქმების, მიწის ბაზრის აქტიურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაზე. როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.

– თქვენ მიიჩნევთ, რომ მიწის ფონდის უკონტროლობამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა – მოხდა მიწის პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიისა და პასუხისმგებლობის პარალიზება, მიწასთან დაკავშირებული საკითხები გადანაწილდა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებზე, რომლებსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტები აქვთ და ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საერთო პრობლემური საკითხით. გამოსავალს რაში ხედავთ?
– მართლაც, დარგობრივ სამინისტროებს შორის ვერ ხორციელდება კოორდინაცია და თანამშრომლობა მიწის რესურსების ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებისთვის, რაც იწვევს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში საქმიანობის დუბლირებას (შტატების ზრდას), მონაცემთა უზუსტობას, ინფორმაციის აღრევას და, შესაბამისად, მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია – აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებელი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არა აქვს, იქნება სააგენტო თუ სხვა), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება – სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. ანუ, მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში – ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო.
მიწის ადმინისტრირების ხსენებულ მაკოორდინირებელ ორგანოს დაევალება არა მარტო დუბლირებული სისტემის აღმოფხვრა, ორმაგი სამუშაოსა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილება, არამედ მან უნდა შეძლოს ნებისმიერ საკადასტრო მონაცემთა პოტენციური სარგებლის რეალიზება. ამ შემთხვევაში, სიტყვა ,,პოტენციური” ჩვენგან ხაზგასმული მნიშვნელობითაა, ვინაიდან საკადასტრო მონაცემთა ბაზის 25%-ია რეგისტრირებული და, მიუხედავად `საჯარო რეესტრის შესახებ~ კანონში მრავალი ცვლილებების შეტანისა, ეს პროცესი წლობით გაგრძელდება, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია.

მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში რაიმე ცვლილებების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს. არსებობს ტყის კოდექსი (ახლა ღებულობენ ტყის ახალ კოდექსს), არსებობს წყლის კოდექსი, წიაღის კოდექსი, არ არსებობს მხოლოდ მიწის კოდექსი, რაც დაუშვებელია (ადრე არსებობდა საბჭოთა პერიოდის მიწის კოდექსი. გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწაზე მონიტორინგისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი, რომ ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის – მიწის დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის უპირველესი მოვალეობაა.

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძე

[wpolling id=”12″ width=”” height=””]