ბანკები უიმედო სესხების ჩამოწერას ეთანხმებიან

ყველაზე ძნელად დასათანხმებელი რგოლი – ბანკები, უიმედო სესხების ჩამოწერას არ ეწინააღმდეგებიან. პირიქით, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალიაახალ ინიციატივას მიესალმება კიდეც. ახალ ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც ოპოზიციის ინიციატივა უნდა განიხილოს.

ზურაბ გვასალიას აზრით, უიმედო სესხების ჩამოწერა ერთგვარი სტიმული იქნება ბანკებისათვის, მაგრამ მოსახლეობამ ისე არ გაიგოს, თითქოს ეს ვალდებულებაა ბანკებისათვის.

„თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს შესწავლილი. როდესაც ფიზიკურ პირს უიმედო სესხი ერიცხება და ბანკმა გადაწყვიტა, რომ ეს სესხი ჩამოაწეროს, ამ შემთხვევაში ჩამოწერა გათანაბრებულია ჩუქებასთან. ჩუქების შემთხვევაში კი ეს დაბეგვრას უკავშირდება, რაც ბანკმა უნდა გადაიხადოს და ეს მისთვის დამატებითი ხარჯია. თუკი იმის უფლება და საშუალება მიეცემა საბანკო სექტორს, რომ სესხის ჩამოწერის გადაწყვეტილების მიღებისას ზედმეტი ხარჯისაგან გათავისუფლდეს, ბუნებრივია, საბანკო სექტორისთვის ეს გარკვეული სტიმული იქნება“, – აღნიშნა გვასალიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ხაზს უსვამს, რომ ვალების ჩამოწერა ბანკების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და კანონმდებლობით ამის იძულება არ მოხდება.

„ინიციატივა მიზნად ისახავს საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება. სესხს, რომელსაც ბანკი ჩამოწერს მოქალაქეს, საგადასახადო კოდექსის თანახმად ავტომატურად აღიქმება საჩუქრად. მას ერიცხება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი. ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ბანკებმა არ გადაიხადონ ეს 20%. დავუშვათ, ვიღაცას აქვს სესხი 1000 ლარი, თუკი ბანკი გაათავისუფლებს უიმედო ვალისგან, ორგანიზაცია სახელმწიფოს აღარ გადაუხდის 200 ლარს. რამდენად იქნება ამ ცვლილების შედეგი თვალშისაცემი, ამის ცალსახად თქმა რთულია“, – ამბობს კეპულაძე.

მისი თქმით, იურიდიულად, სესხი ხანდაზმულად ითვლება სესხის დასრულების თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ. „ანუ თუ 2016 წლის იანვარში ავიღე სესხი, და 2016 წლის დეკემბერში მთავრდება ვადა, ხანაზმულობის ვადა აითვლება არა მარტიდან, არამედ დეკემბრიდან. სამი წლის განმავლობაში თუ ბანკმა, ან საფინანსო ინსტიტუტმა, არ უჩივლა მოქალაქეს სასამართლოში, სამი წლის შემდეგ ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იქნება. მომხმარებელმა უნდა შეიტანოს შესაგებელი სარჩელი რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია.

საერთოდ, ბანკები არჩევენ, რომ პრობლემური ვალდებულებები გადასცენ მესამე პირებს, ე.წ. კერძო ამომღებ კომპანიებს, რომლებიც პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობენ. ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბანკებს შეუძლია გამოიჩინონ კეთილი ნება და აპატიონ უიმედო სესხი მოქალაქეებს“, – დასძენს კეპულაძე.

„თავისუფალი დემოკრატებმა“ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი. მისი დამტკიცების შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შანსი მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს.

„შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესებით ვითარება მკვეთრად შეიცვლება. ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ“, – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ კომიტეტამდე მისული არ არის, თუმცა მისთვის აღნიშნული ინიციატივის იდეა და შინაარსი ცნობილია.

მეჭიაურის ინფორმაციით, ეს ცვლილება, გარკვეულწილად, გადაჭრის პრობლემას, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დაელოდება მთავრობის, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი საკომიტეტო მოსმენების დაწყება.

for.ge