საქართველოში უძველეს სამონასტრო კომპლექსს აღადგენენ
იგეგმება არა მხოლოდ ნაგებობებისა და დავით–გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის გარემონტება, ასევე მიმდებარე ტერიტორიისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
დავით–გარეჯის უძველეს სამონასტრო კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს რელიგიური და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. მისი ღირებულება 1 მლნ ლარია.
პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე სენაკების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კომპლექსის მშენებლობა VI საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და ცამეტთაგან ერთ-ერთ ასურელ მამა დავითს უკავშირდება.
სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოშია განლაგებული.
საქართველოში არსებობს გადმოცემა, რომ გარეჯის მონასტერში სამჯერ ჩასვლა იერუსალიმის მოლოცვას ნიშნავს.
წყარო: sputnik-georgia