რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა
შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონი ლარის გადახდას აკისრებს
უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზმა ხელისუფლებასთან დავა წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების პოზიცია გაიზიარა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. საუბარია, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ შპს “ჯორჯიან მანგანეზსა” და შემოსავლების სამსახურს შორის სამართლებრივ დავაზე. დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი. მათ შორის, კვებაზე, შლამზე და წიდაზე არსებული დანაკარგები.
ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძო კომპანიის დაჯარიმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია, ის Georgian American Alloys-ის წევრია. “ჯორჯიან მანგანეზი” აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
1) ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმოს.
2) ზესტაფონის ფეროშენდობებისა და სილიკონმანგანეზის ქარხანა.
3) ჰიდროელექტროსადგური ვარციხეჰესი, რომელიც ელექტროენერგიით ჭიათურის საბადოსა და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნებს ამარაგებს. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორიცაა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური “ჯორჯიან მანგანეზის” 2012 – 2015 წლების საქმიანობით დაინტერესდა, სამსახურმა ამ პერიოდის ფინანსური ანგარიშგეგებების შესწავლის შემდეგ კომპანიას ჯარიმა დააკისრა. დავა სხვადასხვა ეპიზოდს, მათ შორის ჭიათურის მაღაროს მიმდებარედ არსებულ ნარჩენებსაც შეეხებოდა, შემოსავლების სამსახურის პოზიციით ნარჩენებიც ისეთივე პროდუქციას წარმოადგენდა, როგორც მადნეული და მის დაბეგვრასაც მოითხოვდა. “ჯორჯიან მანგანეზმა” შემოსავლების სამსახურს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიების ოთხეულიდან ორის Ernst & Young-ისა Pricewaterhousecoopers-ის აუდიტორული დასკვნებიც წარუდგინა, თუმცა ისინი შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა.
საქმე ეხება, წარმოების შედეგად დარჩენილი გამოუსადეგარი ნარჩენის შემოსავლად აღებას. კერძოდ, ის ნარჩენი, რომლის უტილიზაციისთვისაც კომპანია დამატებით ხარჯებს იღებს, შემოსავლების სამსახურმა აღიარა მატერიალურ ფასეულობად, გაუთანაბრა ნედლეულს და მიანიჭა საბაზრო ღირებულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი კანონების თანახმად კი, თუ კომპანია მოახდენს ისეთი ნივთიერების მატერიალურ ფასეულობად აღრიცხვას, რომელსაც რეალურად ფასეულობა არ გააჩნია, ეს განიხილება აქტივების ხელოვნურად გაზრდის მცდელობად, არის დანაშაული და შესაძლოა კომპანიის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან ხვედელიძის თქმით, “ჯორჯიან მანგანეზს” დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც შემოსავლების სამსახურმა ნარჩენების მარაგებად გათვალისწინების დროს კომპანიის აქტივები ხელოვნურად გაზარდა, რაც ფინანსურ დარღვევას წარმოადგენს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მოცულობის ჯარიმას შეუძლია მთელი ინდუსტრია შეაჩეროს და ასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს.
,,მაშინ როდესაც მძიმე მრეწველობის დარგი არის კრიზისში, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტის მაჩვენებლები და დარგს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, – სწორედ ამ დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლო დარგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას 200 მილიონიან საურავს არიცხავს. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილება. მე ბოლო თვეების განმავლობაში ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, მოვისმინე ორივე მხარის არგუმენტები და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე იყო ტენდენციური. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” სასამართლოს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიების აუდიტორული დასკვნები წარუდგინა. აქ საუბარია ისეთ კომპანიებზე როგორიცაა Ernst And Young, Pricewaterhousecoopers და BDO. საკითხები რომელსაც დავა ეხებოდა, დარგში მოღვაწე ყველა კომპანიისთვის აქტუალურია, ხოლო შემოსავლების სამსახურის პოზიცია კი არის არასწორი და მეტსაც გეტყვით კანონსაწინააღმდეგო”,
– აცხადებს სულხან ხვედელიძე.
საქსტატის მონაცემებით, მეტალურგიის დარგში პრობლემებია, 2015 წელს ფეროშენადნობების ექსპორტმა 194 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით ნაკლებია, ასევე შემცირებულია ფოლადის წნელების (არმატურა) ექსპორტიც, რის გამოც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კრიზისშია.