თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შეუფერხებლად ხორციელდება

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში ტრანზიტი შესაძლო შეჩერების თაობაზე,  შემოსავლების სამსახურში აბსურდულს უწოდებენ.

უწყების განმარტებით, საკითხის ამგვარად დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არც ერთი ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი არ ფერხდება.

,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ თურქეთს საქართველოს გავლით ტრანზიტის შეჩერების არანაირი საფუძველი არ აქვს. მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ ეყრდნობა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსულია  450-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 330-ზე მეტი გატარებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უპრობლემოდ იღებს ყველა მანქანას”, – აღნიშნავს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.

მისი თქმით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებითა და საკადრო რესურსით ორჯერ მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლია.

“არ არსებობს პრობლემა არც მალფუჭებად პროდუქციასთან დაკავშირებით, რადგან ამ სახის სურსათს ენიჭება პრიორიტეტი. რაც შეეხება რიგს, ვადასტურებ, რომ ნამდვილად გაზრდილია ტვირთბრუნვა, შსს-ს საპატრულო პოლიცია რიგის კონტროლს ახორციელებს და ურიგოდ,რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაივლის. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მებაჟეები უპრობლემად ატარებენ როგორც თურქეთის მიმართულებით ისე თუქეთიდან ნებისმიერი მიმართულებით მიმავალ ტრანზიტულ ავტომანქანებს”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ტრანზიტულ გადაზიდვებს ხელოვნური შეფერხება ექმნებათ.

შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ჰამდი გიუნდოგანის განცხადებით,   ტვირთს ზოგჯერ კვირაობით, ზოგჯერ კი თვეობით აჩერებენ“

წყარო: bpn.ge