ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველია მოხსენიებული

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი ე.წ. პანამური დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტებში 200 000-ზე მეტი ოფშორული ანგარიშის შესახებ არის დამატებული ინფორმაცია.

ახალი მონაცემები გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ მედიას პროექტის ”ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა” წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა გააცნეს.

როგორც მათ განაცხადეს, ”პანამის დოკუმენტებში” 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც არჩილ კბილაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი, კობა ნაყოფია და დავით იაკობაშვილი არიან.

მათივე განმარტებით, ქართველების ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელი, ნაწილი კი მფლობელების წარმომადგენელია.

”თავისთავად პრობლემა არ არის ის და არც დანაშაულია ის, რომ ვიღაც ოფშორულ ზონაში ფლობს კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ დამალონ გადასახადები ან სხვადასხვა ფინანსური აქტივობები განახორციელონ ისე, რომ ეს ვერ აკონტროლოს ამა თუ იმ ხელისუფლებამ.

სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადად არიან მსხვილი ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში დიდი ბიზნესები აქვთ და სარგებლობენ ოფშორული კომპანიების მომსახურებით. შედარებით უცნობი გვარები კი არიან წარმომადგენლები – ძირითადად ესენი არიან იურისტები, რომლებსაც აქვთ მინდობილობა და ახორციელებენ იურიდიულ საქმიანობას, თუმცა თუ ნახავთ ამ კომპანიებს, ადვილად გასარჩევია, ვისთან აქვთ კავშირები და ვის შეიძლება წარმოადგენდნენ სინამდვილეში”, – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ე.წ. პანამის დოკუმენტებმა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკადან გაჟონა. მათში საუბარია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების, ბიზნესმენებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტებზე.