საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.

ასეთია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიში.

ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

ამერიკულ საინფორმაციო პორტალ http://www.vox.com/-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება ძველი, დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მკვეთრი ზრდა, დაბინძურების დონის ტესტირების სისტემა კი ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს“, – განმარტავს გამოცემა.

„საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არასაკმარისად არის განვითარებული, შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაადგილებისთვის მეტწილად პირად ავტომობილებს იყენებს. შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირადი ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი გაორმაგდა.

მანქანების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილია, დიზელზე მომუშავე მანქანები საქართველოში ძალიან პოპულარულია.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, რის შედეგადაც მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. ასევე შეჩერებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემოწმებაც.

ბაზარზე მისაწვდომი დაბალი ხარისხის საწვავი სწრაფად აფუჭებს ავტომობილის „კატალიზატორს“, მანქანების მფლობელები კი, როგორც წესი, დაზიანებულ კატალიზატორებს არ ცვლიან, რაც გამონაბოლქვის დონის ზრდას იწვევს.

საქართველოს ქალაქებში სატრანსპორტო მოძრაობის მართვა კვლავ პრობლემატურია, საცობები კი ხშირი მოვლენაა. ყველა ეს ფაქტორი საქართველოში გამონაბოლქვის მნიშვნელოვან დონეს იწვევს“, – ნათქვამია სტატიში.

ექსპერტი ტიმ კოვაჩი ასევე მიუთითებს კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელიც საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს უწყობს ხელს და ასეთ ფაქტორად მანგანუმის ძველ მაღაროებს ასახელებს.