ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონი ლარის ღირებულების Black Sea Arena სახელმწიფოს გადასცა

ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა , – შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანიამ „დრაი არქიტექტენმა“ იმუშავა. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ და კომპანია „ელიტა ბურჯმა“ აწარმოა.

არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ერთ შენობაში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრების ოთახები და სამედიცინო პუნქტი, ხოლო მეორე შენობაში დარბაზის ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი