ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი შს მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი ტერეზა მეი ოფიციალურად დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

59 წლის მეი დიდი ხნის მანძილზე იქმნიდა სანდო და მშვიდი პოლიტიკოსის იმიჯს.

გადამწყვეტ მომენტში ამ იმიჯმა დაარწმუნა მისი თანამოაზრეები, რომ იგი პრემიერობის საუკეთესო კანდიდატია. საკუთარი კარიერის დასაწყისში ტერეზა მეიმ პოპულარობა ექსტრავაგანტული ფეხსაცმლით მოიპოვა. ერთხელ კი მან განაცხადა, რომ უკაცრიელ კუნძულზე მხოლოდ ჟურნალ Vogue-ს წაიღებდა.

მისი პოლიტიკური ხასიათის ყველაზე ძლიერი მხარე პირდაპირობაა. 17 წლის მანძილზე ის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობაშია და ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირი და არასასიამოვნო განცხადებებით თანაპარტიელების მიმართ.

დაბადების თარიღი: 1956 წლის 1 ოქტომბერი

განათლება: სახელმწიფო საშუალო სკოლა, ოქსფორდის უნივერსიტეტი

ოჯახი: მეუღლე ფილიპ მეი

ჰობი: ტერეზა მეის თქმით, მას კულინარიის 100 წიგნი აქვს. ხანდახან ის ლაშქრობაშიც დადის. როდესაც ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში მას სთხოვეს დაესახელებინა საყვარელი მუსიკა, მეიმ ჯგუფ ABBA-ს სიმღერა Dancing Queen, მოცარტის და ბრიტანელი კომპოზიტორის ელგარის ნაწარმოებები დაასახელა.

რას ფიქრობს ის პარტიის მომავალზე: “ჩვენი პარტიის პატრიოტული მოვალეობაა – გაერთიანება და ქვეყნის მართვა მისი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მომავლის ახალი, თამამი, პოზიტიური ხედვა – ისეთი ბრიტანეთის, რომელშიც თავს კარგად არა მხოლოდ პრივილეგირებული ფენები, არამედ ყველა მოქალაქე იგრძნობს”.

ტერეზა მეის მამა – ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი – ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ტერეზა 25 წლის იყო. ისევე, როგორც მარგარეტ ტეტჩერი (და დევიდ ქემერონისგან განსხვავებით), მისი მშობლები საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ.

მომავალი მეუღლე ფილიპი ტერეზა მეიმ 1976 წელს სადისკუსიო კლუბ Oxford Union-ში გაიცნო.

პირველად მან საკუთარი ძალები 1992 წელს, ჩრდილო-დასავლეთი დარემის ოლქში სცადა და გამანადგურებელი მარცხი განიცადა.

1999 წელს კი ის უილიამ ჰეიგმა ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიიწვია და განათლების ჩრდილოვან მინისტრად დანიშნა. დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება დაიწყო

2010 წელს კონსერვატიულმა და ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიებმა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს და, ბევრისთვის მოულოდნელად, ტერეზა მეი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ათწლეულების განმავლობაში შსს ბევრი მინისტრებისთვის პოლიტიკური კარიერების სამარედ მიიჩნეოდა.

მაგრამ ტერეზა მეიმ გადაწყვიტა, რომ მასზე ეს არ უნდა გავრცელებულიყო. მან საკუთარი სამინისტროს მუშაობა მიკროსკოპულ დეტალებამდე შეისწავლა და საჭიროების შემთხვევაში არ ერიდებოდა სხვა მინისტრებთან კონფლიქტებს.

მისი მინისტრობის დროს, დანაშაულის დონემ ქვეყანაში დაიწია, 2010 წლიდან დიდ ბრიტანეთში არ მომხდარა არც ერთი მასშტაბული ტერაქტი, ტერეზა მეიმ ქვეყნიდან გააძევა რადიკალური მქადაგებელი აბუ კატადა.

მას არ ეშინოდა გავლენიან ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან ბრძოლა.ის პარლამენტში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლება.

1976 წელს არჩეული ჯეიმს კალაჰანის შემდეგ ტერეზა მეი ყველაზე ასაკოვანი პრემიერ-მინისტრი გახდა, უშვილო პრემიერი კი დიდ ბრიტანეთს ტედ ჰიტის მერე არ ჰყოლია.

ტერეზა მეის რთული და მძიმე სამუშაო ელის. ბევრი მიმომხილველის თქმით, უფრო მძიმე, ვიდრე დაუნინგ-სტრიტზე მისი წინამორბედების უმეტესობას.

www.allnews.ge