Amnesty International გიორგი პაპუაშვილთან სადავო სახლზე, ლისის ტბის წართმევისა და სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრებაზე კვლევებს გაეცნო

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამ დასკვნას მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International” გაეცნო. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საფოსტო გზავნილის დადასტურების შემდეგ გახდა ცნობილი. წერილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ 2016 წლის აპრილში გაიგზვანა და 2004–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პირდაპირი მონაწილეობით ჩადენილი სისტემური დანაშაულებების საქმეებს და ქონების დათმობის ფაქტებს ეხება. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „Amnesty International”–ს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის ჩამორთმევის ფაქტსა და ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეებზე მომზადებული კვლევები მიაწოდა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას ყოველწლიურ ანგარიშებში აღნიშნულ საქმეებზე შესაბამისი შეფასება სთხოვა.

„ჩვენი სურვილია, როდესაც თქვენ გექნებათ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, წარმოდგენილი საქმეები განიხილოთ, როგორც გამოძიებისთვის პრიორიტეტი და სთხოვოთ მათ, რომ დაჩქარდეს სწრაფი მოქმედებები კანონის უზრუნველსაყოფად, დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ამასთან, ჩვენი თხოვნა იქნება, თქვენი წერილობითი გამოხმაურება მომზადდეს ჩვენს მიერ გამოგზავნილ კვლევებზე. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შეხედულებებს და შენიშვნებს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს სამომავლო საქმიანობაში. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს მნიშვნელოვან დროს დაუთმობთ წარმოდგენილი კვლევების გაცნობას, რომელიც ნამდვილად ბევრ უცნობ ფაქტებს მოგაწვდით და ღიად დაგანახებთ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რა სისტემურ დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი 2003-2012 წლების მმართველობის დროს“ – ნათქვამია „Amnesty International”–ის მიმართ გაგზვანილ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აწერს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მათ შორის ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, მიმართვები და კვლევები 2016 წლის 28 აპრილს გაუგზავნა. ორგანიზაციამ მათი მხრიდან კონკრეტული გამოხმაურებები უკვე მიიღო.