“ქართული ოცნების” გათვლით, 2020 წლისთვის დამატებით 120 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება პარტიების ეკონომიკური დაპირებები და მათი ხედვები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. “ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამის გამოქვეყნებამდე მმართველი პარტიის ეკონომიკური ხედვების შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კახა კუჭავა საუბრობს.

– მთავარი პრობლემა ისევ  უმუშევრობაა. როგორ აპირებს “ქართული ოცნება” ამ პრობლემასთან გამკლავებას ?

ეს არის ერთ–ერთი ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელზედაც ძალიან აქტიურად ვაპირებთ მუშაობას. სტატისტიკურად, 2004–2012 წლებში, უმუშევრობის შემცირება, ძირითადად, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ხარჯზე მოხდა. ჩვენ შემთხვევაში, უმუშევრობის დონე შევამცირეთ 12.5%–მდე. ასევე, დაგეგმილია მთელი რიგი რეფორმები, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მდგომარეობას ამ კუთხით. უკვე დაწყებულია რამდენიმე პროგრამა, რომელმაც შედეგი უკვე გამოიღო. მომავალში უფრო დიდ შედეგს ველოდებით. მე ვსაუბრობ ისეთ პროექტებზე როგორებიცაა: “აწარმოე საქართველოში”, “სტარტაპ საქართველო”. ჩემი აზრით, მსგავსი პროგრამების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება წარმოება ქვეყანაში.

ასევე ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს არა მხოლოდ ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვისაც. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს განათლების კომპონენტი. ამ მიმართულებით ვგეგმავთ გერმანულ ინდივიდუალურ სისტემაზე გადასვლას, რაც ნიშნავს კერძო სექტორის ჩართულობას განათლების სისტემაში. ანუ აღარ იქნება ის პოპულარული პროფესიები, რომელიც დღეს ჭარბად არის. ბიზნესი თავად შეუკვეთავს, რა სახის და რამდენი სპეციალისტი ჭირდება. ტექნიკური იქნება ეს თუ კონკრეტული განათლების. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის სწავლის დასრულების შემდეგ სამსახური გარანტირებული იქნება.

– წარმოუდგენელია ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გარეშე. როგორ აპირებს “ქართული ოცნება” მიიღოს ზრდის ასეთი ტემპები?

ჩვენი მთავარი გათვლა სწორედ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა მიმართული, თუმცა, 2 წელიწადში მთლიანად შეიცვალოს სურათი და ქვეყანაში უმუშევრობის დონე გახდეს 0%, ეს წარმოუდგენელია. ყველაზე განვითარებად ქვეყნებშიც კი 4–5 %–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვქმნით ფასადურ ეკონომიკას. ფუნდამენტი იმისთვის, რომ შეიქმნას ძლიერი ეკონომიკა, უკვე არსებობს, ეს არის საკუთრების ხელშეუხებლობა და ბიზნესის თავისუფლება. ეს ბოლო ოთხ წელიწადში “ქართული ოცნების” დიდი მონაპოვარია. სწორედ ამ ფუნდამენტზე, იმ ძლიერი რეფორმების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, შეგვიძლია დავაშენოთ ის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელზეც ვსაუბრობ.

– იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში და რომელმაც ჩვენს ეკონომიკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რა გამოწვევებს ხედავთ დღეს და რა პასუხს გასცემს ამ გამოწვევებს “ქართული ოცნება”?

ქართულმა ეკონომიკამ, რეგიონების სხვა ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით, ყველაზე უმტკივნეულოდ გადაიტანა ეს შოკები. საგარეო ფაქტორებს ჩვენ ძალიან კომპლექსური მიდგომა უნდა დავუპირისპიროთ, იქნება ეს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მობილიზება თუ შიდა ეკონომიკური ზრდა. თავის მხრივ, შიდა ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია მაქსიმალური ხელშეწყობა საწარმოებისთვის, მაქსიმალური ხელშეწყობა სტარტაპებზე, აქ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სუბსიდირებას ან თანხით დაფინანსებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, უნდა გავუწიოთ სხვადასხვა ტექნიკური დახმარება.

– ჩვენი მეწარმეები დიდი ხანია ითხოვენ ბაზრის დაცულობას. თუ შიდა ეკონომიკური ზრდა გვინდა, ალბათ ბაზარზეც უნდა შევცვალოთ გარკვეული მიდგომები.

ამ კუთხით, ჩემი აზრით, დედოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ლარი უფრო მყარად იყოს და ხალხმა არ იგრძნოს ამ კუთხით დარტყმა, თუ რაიმე საგარეო შოკს ექნება ადგილი.

– ჩვენ ვიცით ჩვენი მეწარმეების მთავარი მოთხოვნები, ისინი იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. ამ მიმართულებით თუ აპირებთ მუშაობას და თუ გატარდება რაიმე კონკრეტული ღონისძიება?

ამ კუთხით მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა ექსპორტის ნაწილზე. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას და ქართული ბაზრის ჰარმონიზაციას ევროპულ ბაზართან. ჩვენ ვსაუბრობთ 500 მილიონიან ევროპის ბაზარზე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მალე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი და ამ კუთხით ქართველ მეწარმეებს დაემატებათ 1.5 მლრდ ბაზარი. ანუ მთავარი არის, რომ ქართული სამეწარმეო სივრცე იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ბაზრებთან.

– თუ გაქვთ ხედვები, რა პროდუქციით უნდა წარსდგნენ ქართველი მწარმოებლები ევროპულ ბაზარზე?

ჩვენი ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ასეული საწარმო. ისინი ნელ–ნელა გაძლიერდებიან და დადგებიან ფეხზე, ჩვენ არ ვაპირებთ მათ მიტოვებას, რადგანაც ერთხელ დავეხმარეთ, მათ სამომავლოდაც შევუწყობთ ხელს, რადგანაც წინ გვაქვს თითქმის 2 მილიარდიანი ბაზარი, რომელზედაც სწორედ ამ მეწარმეებმა უნდა გაიტანონ თავიანთი პროდუქცია. ამ კუთხით გვაქვს ძალიან საინტერესო რეფორმა დაგეგმილი, ეს არის ერთიანი სივრცის შექმნა ბიზნესისთვის. აქ იგულისხმება როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ისე ინვესტორები. ეს იქნება ერთიანი სივრცე, რომელიც იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპით.  ყველა მიმართულებით ბიზნესი შეძლებს სხვადასხვა სახის მომსახურება მიიღოს სახელმწიფოსგან. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი ის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას.

– რაც შეეხება ინვესტიციებს, რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ იმისთვის, რომ ინვესტორები კიდევ უფრო დაინტერესდნენ საქართველოთი ?

პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ 2014–2015 წლებში, სწორედ მაშინ, როდესაც შოკურ მდგომარეობაში იყო მთლიანი ჩვენი რეგიონი და საქართველოც, ძალიან საინტერესო ინვესტიციები შემოვიდა საქართველოში. როდესაც ჩვენც დავინტერესდით, თუ რატომ საქართველო, მათ ძალიან სწორი და დამაიმედებელი პასუხი გაგვცეს, რომ ისინი საქართველოში ხედავენ იმ ჯანსაღ გარემოს, სადაც უნდათ, რომ ბიზნესი აკეთონ. საუბარია ბიზნესის თავისუფლებაზე, ინფორმაციის წვდომაზე, საუბარია ჯანსაღ ხედვაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა. რაც შეეხება კრიზისების მართვას, შეუძლებელია ბიზნესმა მიაღწიოს წარმატებას, თუ არ არის ის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები, რასაც ჰქვია კორპორაციული მართვა, ანგარიშვალდებულების სისტემა, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა.

სხვათა შორის, 2007 წელს, როდესაც მე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის იურისტი ვიყავი, კბილებით გავიტანეთ ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. დღეს ამ კუთხით უფრო ძლიერი პოზიციები გვაქვს. ინვესტორს აღარ ეშინია, რომ მცირე აქციონერად შემოვიდეს ამა თუ იმ კომპანიაში, რადგანაც იცის, რომ მისი უფლებები დაცულია.

– ამომრჩევლის მოთხოვნად ისევ რჩება სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნეს და ეკონომიკურ დავებს უკავშირდება. თუ გაქვთ ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვა?

სამართლიანობის აღდგენა ერთ–ერთი ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას ხაზგასმული. სამართლიანობის აღდგენის კუთხით მიდის ძალიან ბევრი გამოძიება. ძალიან ბევრმა იგრძნო წინსვლა ამ მიმართულებით. ცხადია, დარჩენილია მთელი რიგი კითხვები, რომელზედაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

არ შეიძლება ჭორის დონეზე ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის ქონება წართმეულია, თუ არ არსებობს გარკვეული სამართლებრივი საფუძველი, არ ხვდება ეს დანაშაულის ჩარჩოში და შესაბამისად, არ ხდება რეაგირება. 

მთავარია, რომ ამ კუთხით არც ერთი საკითხი მივიწყებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიებები და იმედი მაქვს, რომ პასუხებიც ძალიან მალე გაეცემა ყველაფერს.

როგორი იქნება ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც, შემდეგი ოთხი წლის მანძილზე, შეფასებული იქნება პარტიის მიერ გატარებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა?

როგორც აღვნიშნე, ჩვენ სწრაფ ზრდაზე და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე გვინდა გავაგრძელოთ რეფორმირება. 2020 წლისთვის, ჩვენი გათვლებით, იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით 120 000 სამუშაო ადგილი შიქმნება. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ის პოტენციალი, რომელიც მომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებიდან და ამ კუთხით მაქსიმალურად ხელი შეეწყობა ბიზნესს.

წყარო: ეკონომეტრი