“აგროკულტურის განვითარების კუთხით საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

რამდენიმე დღის წინ თბილისმა საერთაშორიოს ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა, რომლის მთავარი მომხსენებელი ტალინის უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი გახლდათ. რა სჭირდება საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რამდენად ჯანსაღია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავრობის მიერ არჩეული კურსი, ამ საკითხებზე სწორედ ერიკ რეინერტი საუბრობს.

– თქვენ ხართ ავტორი წიგნისა, – “რატომ გახდნენ მდიდარი ქვეყნები კიდევ უფრო მდიდრები და რატომ რჩებიან ღარივი ქვეყნები ღარიბებად”, თქვენ წიგნში აღწერთ ძირითად ფაქტორებს, რომლებმაც განსაზღვრეს ევროპული  ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების დონე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველომ მოახდინოს ამ გამოცდილების რეპლიკაცია?

– ვფიქრობ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. თქვენ გაქვთ იგივე მინუსი, რაც ჩემს სამშობლო ნორვეგიას. ესაა გასაღების პატარა ბაზარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მინუსია. ჩემი შეხედულებით, თქვენ გაქვს ქვეყანა, სადაც არის ნაციონალური ერთობა, ასევე თქვენ გაქვს დიდი უპირატესობა, რომელსაც სათანადო ყურადღებას არ აქცევთ. ესაა თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ვფიქრობ, რომ ის რაც სჭირდება როგორც ერს, ასევე ცალკეულ პიროვნებას თუ კომპანიას არის თავდაჯერებულობა. ასევე სწორი მიზნების დასახვა და სწრაფვა ამ მიზნების მისაღწევად. თქვენ უკვე ხართ მოწინავე ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივცრეში, ახლა უნდა დაიბრუნოთ ის, რაც დაკარგეთ მეცნიერებისა და ცოდნის დარგში.

– როგორც მოგეხსენებათ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები გლობალურ ეკონომიკურ ინდიკატორებში. მაგალითად, ბიზნესის კეთების კუთხით, დაბალია კორუფრიიც დონე, კარგად მუშაობენ აღსრულების სამსახურები. საქართველოს ეკონომიკა კი რეგიონში ყველაზე ლიბერალური ეკონომიკაა, მათ შორის სავაჭრო ტარიფების კუთხით. რამდენად არის ეს ყველაფერი საკმარისი პირობა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის?

– მე არ ვარ ექსპერტი საქართველოს საკითხებში, მაგრამ, ამ კუთხით, მიმუშავია 60-ზე მეტ ქვეყანაში. ის ინდიკატორები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ ძალიან ჯანსაღი და კარგია. ვფიქრობ, ლიბერალურ მთავრობებს ღარიბ ქვეყნებში არასდროს მიუღწევიათ წარმატებისთვის. უნდა დავუბრუნდეთ მიზნების სწორად დასახვის საკითხს. თქვენ გამოიარეთ გეგმიური ეკონომიკა, რაც არ იყო კარგი იდეა, მაგრამ თქვენ უკვე დიდი ხანია მიხვედით ლიბერალ მთავრობამდე. ეს მთავრობა მიდრეკილია გაყიდვისკენ, ანუ მიდის იქ, სადაც მას წაიყვანს ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ გამყიდველი მიდის იქ, სადაც ქარი წაიღებს. თუ შენ ხარ ძლიერი ქვეყანა ხარ და თავად შეგიძლია მართო ქარის მიმართულება, ეს კარგია. თუმცა, მიენდო ბაზარს ნიშნავს მიენდო ფორტუნას. ასე, რომ ვფიქრობ, თქვენ მიიღეთ ნეგატიური განვითარება ნეო-ლიბერალიზმისგან. შეხედეთ რა ხდება ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ, ან რა ხდება აშშ-ში ბატონ ტრამპსა და ბატონ სანდერსს შორის. ისინი ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ, თუმცა, ემხრობიან ინდუსტრიულ პოლიტიკას. მიმდინარე წელს დავინახეთ, რომ პერიოდი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, როდესაც ყველა თვლიდა, რომ ბაზარი მას გაამდიდრებდა, დასრულდა. წარმოებული პროდუქციის დამოუკიდლობა აღარ არსებობს, არა იმიტომ, რომ ასე თვლიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ იმიტომ, რომ ამაზე გლობალურად თანხმდებიან.

ბრიტანეთში შემცრდა ხელფასები, აშშ-ში ოჯახი 4 ათასი დოლარით ნაკლებს შოულობს წელიწადში, ვიდრე 2009 წელს. ეს არის სიგიჟის პერიოდი. ვფიქრობ, რომ სანამ აშშ არის ამ პროპაგანდის ბირთვი, ისინი თავადაც იქნებიან ამ ყველაფრის მსხვერპლნი. ახლა კარგი დროა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება, თითქოს არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ნეოლიბერალიზმი და კომუნიზმი. არსებობს სხვა ალტერნატივებიც, რომლებიც დამოკიდებულია თქვენს წინაშე არსებულ ისტორიულ გამოწვევებზე.

– თქვენი სამშობლო ნორვეგია არის მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების უმეტესობის მიხედვით. თქვენ ამჟამად მუშაობთ ესტონეთში, რომელიც ასევე ითვლება სწრაფი ეკონომიკური განვითარების მოდელად. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ ამ ორ ქვეყნისგან?

– ნორვეგიაც და საქართველოც პატარა ქვეყნები არიან, ჩვენ გაგვაჩნია ერთი ბუნებრივი უპირატესობა, ნედლეული. ელექტროენერგია არ შეიძლება ტრანსპორტირდეს დიდ დისტანციაზე, ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ ჩანჩქერების ინდუსტრიალიზაცია. ბევრი ქვეყანა სარგებლობს იმპორტული ნედლეულით ლათინური ამერიკიდან. ბოლივია 150 წელზე მეტია აგზავნის ნედლეულს ევროპაში. ჩვენ გაგვიმართლა იმაში, რომ არ გვჭირდება იმპორტული ნედლეული და შეგვიძლია ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიალიზაცია. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია გვყავს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, თუმცა, მანამდეც გაცნობიერებული გვქონდა, რომ მსგავსი ნაბიჯი აუცილებელი იყო.

მეტი მსგავსებაა საქართველოსა და ესტონეთს შორის, რომლებიც საბჭოთა დროში შედარებით მაღალ-ტექნოლოგიური იყო, თუმცა, მძიმედ ინდუსტრიალიზებული. სწორედ ესტონეთში იყო საბჭოთა კიბერნეტიკის ინსტიტუტი. მაგრამ ესტონეთი ახლოსაა სკანდინავიასთან, რაც ძალიან სახარბიელო გამოდგა ქვეყნისთვის. ბიზნესმენები დანიიდან და შვედეთიდან დაინტერესდნენ ტალინში საბჭოთა ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი “სკაიპით”. არ ვიცი, იცის თუ მოსახლეობამ ამის შესახებ, მაგრამ სწორედ ტალინის კიბერნეტიკის ინსტიტუტში შეიქმნა, ხოლო მისი მართვა თავის თავზე აიღეს კაპიტალისტმა ბიზნესმენებმა და აქციის ძალიან მოთხოვნად პროდუქტად. ასე არ მოხდა საქართველოში და ის საინტერესო ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენ გქონდათ უბრალოდ მოკვდა. არა იმიტომ რომ ესტონელი პოლიტიკოსები უფრო მოხერხებულები აღმოჩნდნენ, არამედ იმიტომ რომ საქართველოს დააკლდა მეზობლების ის დახმარება, რომელიც ესტონეთს უხვად ჰქონდა.

– ფიქრობთ, რომ საქართველოს კვლავ აქვს ამ სფეროს განვითარების შანსი?

– რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა კონკურენცია სინგაპურთან, მაგრამ ვფიქრობ, არის რამდენიმე მკაფიო ნიშა, რომელშიც საქართველოს შეუძლია განვითარება. აუცილებელია ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს ლოკალური ბაზრისთვის. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ცენტრები, სადაც მწარმოებლები მიიღებენ ცოდნას და ა.შ.

უნდა განავითაროთ, მაგალითად კერამიკისა და თხილის წარმოება. გაინტერესებთ, თუ რატომ არის საბერძნეთი  ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა? ისინი ყიდიან დაუმუშავებელ ზეთისხილს იტალიაში იაფად და შემდეგ ყიდულობენ დამუშავებულ პროდუქციას უფრო ძვირად. ასევე ნახულობენ სარგებელს ქართული თხილისგან სხვა ქვეყნები. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის კუთხით. თუმცა, თქვენ სწორად უნდა მიაწოდოთ პოტენციურ ტურისტებს ინფორმაცია. ზღვის სანაპიროთი განებივრებულ ტურისტებს უნდა დაანახოთ ის მრავალფეროვნება, რომელსაც სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდებით. თუ თქვენ გექნებათ ორმაგი ეკონომიკური სტრატეგია, წარმოების ინდუსტრიალიზაცია და ტურიზმი, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს ბუნებრივ მონაცემებზე, მრავალფეროვან სამზარეულოზე ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მაგრამ, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, შექმნათ ინფრასტრუქტურა ისე, რომ სახელმწიფო იყოს ბიზნესის მხარდამჭერი და არა კონკურენტი. წარმატებული ეკონომიკის მოდელში, აუცილებელია სახელმწიფო და ბიზნესსექტორის თანაარსებობა.

– თქვენ შეხვდით ეკონომიკის მინისტრს, რას ფიქრობთ, რამდენად იზიარებს ის თქვენს მოსაზრებებს ეკონომიკური განვითარებების შესახებ და რამდენად დაინახეთ მისი მზაობა გატარდეს ის რეკომენდაციები რაც გაეცით?

– მე შევხვდი რამდენიმე ოფიციალურ პირს, თუმცა, მირჩევნია დასკვნები გავაკეთო ისეთი შეხვედრებიდან, როგორიც მქონდა გუშინ. მე შევხვდი 100–მდე ბიზნესმენს და დავინახე ძალიან ჯანსაღი გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის. მე დავინახე ეროვნული ერთობა, რომელიც, ალბათ, ისტორიული გამოცდილებიდან მოდის. ურთიერთობა ორ რადიკალურ მხარესთან საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ახლა არჩევანი გასაკეთებელია რუსეთსა და ევროკავშირს შორის. უფრო მიმზიდველად ევროკავშირი გამოიყურება და თქვენ სწორი გზით მიდიხართ.

– სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განსავითარებლად. მცირე ფართობიანი ქვეყნისთვის, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენად სწორად არის შერჩეული პრიორიტეტები?

– დააკვირდით აშშ–სა და ევროკავშირს, ისინი ახდენენ აგროკულტურის სუბსიდირებას, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს უცნაურია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ქადაგებენ თავისუფალ ვაჭრობას. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გაათანაბრონ სტანდარტები ქალაქებსა და სოფლებში.

საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აგროკულტურის განვითარების კუთხით. თქვენ გაქვთ სხვებზე კარგი შესაძლებლობა განავითაროთ აგროტურიზმი, რაც თავისთავად აწევს ცხოვრების სტანდარტს. მე ვმუშაობდი მსგავს პროექტზე ნორვეგიის პერიფერიებში, თუმცა, იქ ბუნებრივი პირობები გაცილებით უარესია, ვიდრე საქართველოში. თუ ეს პროექტი საქართველოში წარმატებით განხორციელდება, ჩამოიყვანს მეტ ტურისტს, შეიქმნება ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ფერმერს გაეზრდება შემოსავალი და შექმნის ინდუსტრიულ პროდუქტს ქალაქისთვის.

– დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, რომ ადამიანებმა დასაქმება შეძლონ?

– ეს არის მზარდი პრობლემა ბევრ ქვეყანაში, ვხედავთ ამერიკულ სტატისტიკას, – უმუშევრობა იზრდება. თუმცა, სათანადო ყურადღება არ ექცევა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილს, რომელიც არ თვლის თავს დასაქმებულად, აშშ–ში ასეთი ხალხი იღებს დახმარებას. ეს არის დაფარული უმუშევრობა. საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი გაცილებით მეტია. ისინი თავს უმუშევრებად თვლიან. საქართველოში დიდია ისეთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოფლად საქმიანობენ მეურნეობაში, ან აქვთ მცირე რესტორანი. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ უნდა შეუწყოს ხელი თვითდასაქმებულებს, იმისთვის რომ მათი ცხოვრების სტანდარტი ამაღლდეს.