“ჩნდება კითხვები „პაპუაშვილის საქმის“ განმხილველ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივ დეკლარაციაზე”

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – ჩნდება კითხვები „პაპუაშვილის საქმის“ განმხილველ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივ დეკლარაციაზე, სად ცხოვრობს და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული, სადავო ქონების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და მოსამართლეს მიმართავს, საზოგადოებისთვის განმარტებები გააკეთოს ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, რომელიც კითხვებს აჩენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული 2016 წლის 11 აგვისტოს წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიმართ არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით.

ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია 54,20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირზე, რომელიც რიცხულია მოსამართლის დის, ხათუნა ფარქოსაძის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 20 თებერვალს. უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან. უძრავი ნივთის სარეგისტრაციო წარმდგენ მხარედ დაფიქსირებულია თამარ ლონდარიძე შპს „რეესტრი+“-ის სახით. აღნიშნული კომპანია 2014 წლის იანვრიდან საქმიანობს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია „საქართველოს ბანკების ასოციაცია“. კომპანიის მოქმედი დირექტორიც „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ოფიციალურ გვერდზე მითითებული პროექტების მენეჯერია. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ ეფუძნება, მათ შორის საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვას. ასოციაცია და მისი წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან. ცნობისთვის: იპოთეკური კრედიტის ღირებულება შეადგენს: 40000,00 დოლარს.