ბაზარზე მალე ახალი ჟურნალი Real estate & Infrastructure გამოჩნდება

ბაზარზე მალე ახალი ჟურნალი Real estate & Infrastructure გამოჩნდება. ჟურნალს ბიზნეს მედია ჯგუფი Caucasus Business Week-ი (CBW) გამოსცემს.

ინგლისურენოვანი ჟურნალის Real estate & Infrastructure-ს გამოშვება 2017 წლის იანვრიდან დაიწყება. CBW-ს მენეჯმენტი ამბობს, რომ ბაზრის ახალი სეგმენტის ათვისება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც გამოიკვეთა, რომ ბიზნესსა და მკითხველში სათანადო მოთხოვნა გაჩნდა, საჭირო იყო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ადეკვატური პასუხის გაცემა. Real estate & Infrastructure-ს პროექტის მენეჯერის, იმავდროულად მედიაჯგუფ CBW-ს მარკეტერის, დავით ბაღაშვილის განმარტებით, ჟურნალი 6-6 ათასიანი ტირაჟით წელიწადში ორჯერ გამოვა.

„ჩვენი საიტის მეშვეობით ხშირად გვიკავშირდებოდნენ და გვთხოვდნენ, რომ უძრავი ქონების შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, გაგვერკვია თუ ბაზრის რომელი მოთამაშე იყო სანდო და პირიქით, ვისთან არ უნდა დაეჭირათ საქმე, ვისთან უნდა ეთანამშრომლათ. შესაბამისად, დავინახეთ, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა არსებული რესურსი. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, დაგვეწყო ამ პროფილით მუშაობა და გამოგვეცა ახალი ჟურნალი, რომელიც ბაზარზე ერთადერთი აღმოჩნდა. ყველა დიდი კომპანია და ინვესტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ბაზარზე ხარისხიანი გამოცემების სიმცირეა და მსგავსი ჟურნალის არსებობა სწორედ რომ დროულია.

ეს არ იქნება მხოლოდ სარეკლამო ჟურნალი, გადავწყვიტეთ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური, კარგი საიმიჯო ჟურნალი გაგვეკეთებინა. იდეამ გაამართლა, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა მისაღები აღმოჩნდა ყველასთვის და დიდი სიმპატიაც დაიმსახურა დეველოოპერულ კომპანიებში“, – აცხადებს დავით ბაღაშვილი.

ჟურნალი უფასოდ გავრცელდება და ის CBW-ის სადისტრიბუციო ხაზით დარიგდება.

„Real estate & Infrastructure მიეწოდება ყველა სამიზნე აუდიტორიას, ეს იქნება მაღალი კლასის სასტუმროები, აეროპორტების პრაიმ კლასის დარბაზები, ბიზნეს პალატები, დიპლომატიური კორპუსი და ბიზნეს სექტორი. ამას გარდა, ჩვენი მიწოდება სრულად მოიცავს სფეროს წარმომადგენელ კომპანიებსაც. ჟურნალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „Real estate & Infrastructure“-ს მიიღებენ და გაეცნობიან ქვეყნის პირველი პირები“, – აცხადებს Real estate & Infrastructure-ს პროექტის ხელმძღვანელი.

წლის განმავლობაში ჟურნალი 2-ჯერ გამოვა და მისი გვერდების რაოდენობა 100-მდე იქნება.

„ჟურნალი იქნება მაღალი ხარისხის. ცხადია, რომ ამ მიმართულებაზე მდარე ხარისხი ვერ იმუშავებს. Real estate & Infrastructure იქნება საკმაოდ კარგი დიზაინისა და ქაღალდის თვალსაზრისით, ასევე მისი კონტენტი, რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ საკმაოდ კარგ და გამოცდილ კომპანიებთან გვიწევს ურთიერთობა და ხარისხიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. აღსანიშნავია, რომ დასაწყისისთვის იგეგმებოდა 60-გვერდიანი ჟურნალის გამოცემა, თუმცა არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა,რომ ჟურნალი 80-100-გვერდიანი იქნება”, – აცხადებს ბაღაშვილი.