ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება

 

«ქართული ოცნება» მოქმედი პარლამენტის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პლენარულ სხდომაზე გადატანასა და განხილვას არ აპირებს. ამის გაკეთებას კი, მმართველ პარტიას «საბიუჯეტო კოდექსი» და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს. მანამდე ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტს სხვადასხვა უწყებები დეტალურად სწავლობენ.

ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია არა რეგლამენტის მცირედი დარღვევა, არამედ რეალური ბიუჯეტის მიღება. მანდატი, რომელიც მოქმედ პარლამენტს გააჩნია, მნიშვნელოვანწილად ფორმალურია და ამიტომ, სჯობს, საბიუჯეტო პროექტის განხილვა ახალარჩეულმა პარლამენტმა გააგრძელოს.

«მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მივიღოთ რეალური ბიუჯეტი, განხილული რეალური პარლამენტის მიერ. საკანონმდებლო ორგანო კი არსებობს, პატივს ვცემთ, ქედს ვიხრით, მაგრამ რეალურად, რასაც ჰქვია ძალაუფლების მქონე პარლამენტი, შეიკრიბება მეორე ტურის დასრულების შემდეგ. რომც დაგვიანდეს და ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდეს არა 15 ნოემბრამდე, არამედ 20-მდე ან 25-მდე… მთავარია ბიუჯეტი მივიღოთ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ», – აცხადებს ვოლსკი.

ამასობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე დასკვნა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ სებ-ის პრეზიდენტის წერილში ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებია მიმოხილული.

«საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 8,715 მილიონი ლარით განისაზღვრება, აქედან 8,170 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 545 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე. სულ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2016 წლის გეგმასთან შედარებით 2.4 პროცენტით იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ–ის საპროგნოზო ოდენობასთან 22.3%–ს უტოლდება.

ბიუჯეტის ხარჯები 9,965 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან მიმდინარე ხარჯებზე 8,787 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე და წმინდა დაკრედიტებაზე 1,178 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 354 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო როგორც მიმდინარე (243 მლნ ლარი), ასევე კაპიტალურ ხარჯებს (111 მლნ ლარი).

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით 194 მილიონი ლარით იზრდება და 1,250 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზე არის დაგეგმილი. ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა. თუმცა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.3%-მდე.

დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ვალდებულებების ზრდაში იმატებს შიდა წყაროებიდან მიღებული სახსრებით დეფიციტის დაფინანსების წილი. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 300 მლნ ლარის მობილიზება», – აღნიშნულია კობა გვენეტაძის წერილში.

«ინტერპრესნიუსის» ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა უკვე გამართა, რითაც ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის ეტაპი დასრულდა. წესით და რიგით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრამდე მთავრობას უკან დაუბრუნდეს, კომიტეტების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით.

თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი, «საბიუჯეტო კოდექსითა» და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი წარადგენს.

პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ – არაუგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს. ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის ბოლო პარასკევამდე აქვს.