რა უნდა ვქნათ, როდესაც საბანკო სესხის მიღება პრობლემატურია

საბანკო სესხი, თუ ობლიგაციები?

რა უნდა ვქნათ, როდესაც საბანკო სესხის მიღება – პრობლემატურია?

უარი ვთქვათ ბიზნესის განვითარებაზე, თუ გამოვიყენოთ ალტერნატიული შესაძლებლობები?

(რეკომენდაციების სახით)

როგორ უდგებიან ჩვენთან ბანკები, ბიზნესის დაკრედიტებას?

ყველა მეწარმემ და ბიზნესმენმა კარგად იცის, რომ სესხის მიღება/არმიღება დამოკიდებულია ერთადერთ კრიტერიუმზე და ეს არის საგარანტიო უზრუნველყოფა!

მარგრამ ბიზნეს რეალურად არ გააჩნია საკმარისი ოდენობით მატერიალური უზრუნველყოფა და ამასთან ერთად საფინანსო გარანტიების მოპოვებაც, არ არის მაინცა და მაინც იოლი საქმე.
რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ბიზნესმენმა?

პირველი, რაც „მოდის თავში“ – ეს არის ინვესტორის პოვნა, მაგრამ იმისათვის, რომ ინვესტორი დაინტერესდეს საინვესტიციო პროექტით, აუცილებელია:

პირველი – პროექტის მაღალი დონის ბიზნეს-გეგმის მომზადება („გაშლილი“ მარკეტინგული გეგმით და საპროექტო რისკების დადგენის და მართვის მეთოდების ჩვენებით).

და მეორე – ინვესტორის წილობრივი მონაწილეობის კვალიფიციურად შეფასება და დადგენა.

აქაც არსებობს გარკვეული ბარიერები!

ჯერ ერთი, როგორც წესი ინვესტორები (და განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორები) ერიდებიან „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს“ (შპს), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ე.წ. „შპს“-დან (ბიზნესიდან) გამოსვლა, მთელი რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

უცხოელი ინვესტორები ყოველთვის ამჯობინებენ სააქციო საზოგადოებების აქციების შეძენას, მაგრამ ჩვენთან „მძვინვარებს“ – საკონტროლო პაკეტის შესაძლო დაკარგვის „პათოლოგია“ (აბსოლუტურად გაუმართლებელი) და უმეტესწილად ბიზნესმენებს გაგონებაც კი არ სურთ აქციების ემისიის თემა…

მეორეც ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პროექტის დაფინანსებასთან დაკავსირებული საინვესტიციო რისკი, ერთი (ან ორი) ინვესტორისათვის საკმაოდ „მძიმე ტვირთია“ და შედეგად ბიზნეს-პროექტების დაფინანსება ან ფერხდება, ან ინვესტორი გადაჭარბებულად ითხოვს წილობრივი მონაწილეობის არაობიექტურად გაზრდას, რაც თავისთავად ბიზნეს-პარტნიორებისათვის ხდება მიუღებელი.
რა გამოსავალი არსებობს შექმნილი „საინვესტიციო ჩიხიდან“ ?
არსებობს და თან ძალიან ეფექტიანი!

ეს არის კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება (განთავსება/ემისია), რომლის შედეგად „ერთი ან ორი“ ინვესტორის მაგივრად „გაჩნდება“ – 99 ინვესტორი!

ობლიგაციების განთავსება არ ითხოვს ისეთი მატერიალური უზრუნველყოფის წარმოდგენას, როგორი მოთხოვნა არის საბანკო სესხის მიღების შემთხვევაში.

ობლიგაციების გამოშვების დროს გამოიყენება სხვა სახის ე.წ. „ირიბი“ გარანტიები და სხვა ფორმის საგარანტიო მექანიზმი (ამ თემას დეტალურად შევეხებით მომდევნო სტატიებში).

რა არის ამისათვის საჭირო?

a) ემიტენტი – კომპანიის ფინანსური გამჭვირვალობა (აუდირებული ანგარიშგება და ა.შ.);
b) მაღალ ხარისხობრივ დონეზე შესრულებული დასაფინანსებელი პროექტის ბიზნეს-გეგმა და საინვესტიციო წინადადება (ობლიგაციების ემისიის პროსპექტის სახით);
c) საინვესტიციო კონსულტანტის ანაზრაურებისათვის და მარკეტინგული პროცედურების დასაფინანსებლად აუცილებელი საწყისი (არცთუ ისე დიდი) კაპიტალი.

რა შედეგს ღებულობს ბიზნესი ამ შემთხვევაში?

1) უფრო იაფი რესურსის მოზიდვა, ვიდრე ეს არის საბანკო სესხის შემთხვევაში;
2) დაფარვის ბევრად უფრო მისაღები პირპობები;
3) შედარებით უფრო მასშტაბური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა;
4) დადებითი საინვესტიციო – საკრედიტო ისტორია;

მაგრამ აქ არსებობს ერთი სირთულე, რომელიც მდგომარეობს, ფასიანი ქაღალდების ე.წ. „ლიკვიდურობის“ (ნებისმიერ მომენტში და საბაზრო ფასში გაყიდვის ან ყიდვის შესაძლებლობა) უზრუნველყოფის აუცილებელ პირობაში.
ბუნებრივია, რომ არც ერთი ინვესტორი არ შეიძენს გრძელვადიან ობლიგაციას, თუკი მას ექნება შემდგომში – ობლიგაციების გასხვისებასთან დაკავშირებული შეფერხებები.

ინვესტორის პოზიციიდან გამომდინარე, კორპორატიული ობლიგაციები იძლევიან, ინვესტორის – საინვესტიციო პორთფელის მართვის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტორს (ობლიგაციების „ლიკვიდურობასთან“ მიმართებაში) ინვესტირების შესახებ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას.

ამ შემთხვევაში ეს პრობლემა შეიძლება უმტკივნეულოდ გადაწყდეს იმ საინვესტიციო-საბროკერო კომპანიის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს თავის სავაჭრო-საანგარიშსწორებო „პლატფორმაზე“ – ობლიგაციებით ვაჭრობის პროცესის ორგანიზებას.

რაც შეეხება ობლიგაციონერების (ინვესტორების) კატეგორიებს – ეს შეიძლება იყვნენ, როგორც ადგილობრივი საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციები, ისე უცხოური ინვესტორები, რომელთა შესაბამისი ინფორმირება (ობლიგაციების ემისიიასთან დაკავშირებულ პარამეტრებზე), თავისუფლად შესაძლებელია შესაბამისი საინფორმაციო ინტერნეტ – კომუნიკაციის არხების გამოყენებით (მითუმეტეს ამის პრაქტიკა უკვე დიდი ხანია რაც არსებობს).

რაც შეეხება სავალუტო რისკების საკითხს, მაშინ როდესაც ობლიგაციები ნომინირებულია ლარში – ამ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ინდექსაციის კოეფიციენტი (ინდექსირებადი ობლიგაციები), რაც პრაქტიკულად იგივეა, რაც მყარ ვალუტაში ობლიგაციების ემისია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნეს-კომპანიებს, თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ეს ეფექტიანი საინვესტიციო მექანიზმი, მიიღონ „სწრაფი განვითარების ეფექტი“ და ძლიერი კონკურენტული უპირატესობები.

 ვახტანგ ხომიზურაშვილი, ფინანსისტი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი