“რეფინანსირების სესხები გაიცემა დიდი რაოდენობით სწორედ მაშინ, როდესაც ლარი უფასურდება”

საქართველოში არსებული მიმდინარე პრობლემებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური სწორედ მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი და მათ მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმაა. მიმდინარე პროცესებს “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე აფასებს.

-რა არის ლარის კურსის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის მიზეზი და თუ არსებობს რაიმე რეცეპტი არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად?  შეიცვალა თუ არა თქვენი მოლოდინების სამთავრობო გეგმების წარდგენის შემდეგ?

– ლარი არ არის წვიმა, ის არ არის ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი. ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა იმ არასწორი პოლიტიკის შექმნილია, რომელიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ეს არის ერთი მხრივ ეროვნული ბანკის, მეორე მხრივ მთავრობის საქმიანობის შედეგი. ეროვნული ბანკის მხრიდან შეცდომაა ლარის ჭარბი მიწოდება, ის მუდმივად აღემატებოდა იმ მოთხოვნას, რომელიც ბაზარზე არსებობს. თუ ეროვნული ბანკისვე მიერ მოწოდებულ სტატისტიკას ვენდობით, ლარის მიწოდება ბაზარზე სწორედ მაშინ იყო პიკური, როდესაც გაუფასურების ტემპი იყო ყველაზე მაღალი. რეფინანსირების სესხები გაიცემა დიდი რაოდენობით სწორედ მაშინ, როდესაც ლარი უფასურდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ხარვეზიანი. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს ლარის მიწოდების მრავალი ბერკეტი გააჩნია და ამ ბერკეტების გამოყენებაც ყოველთვის ლარის გაუფასურების პიკს ემთხვეოდა.

რაც შეეხება მთავრობას, ბოლო პერიოდში მუდმივად გვაქვს დეფიციტი, მთავრობა კი დეფიციტის შესავსებად ამჯობინებს შიდა ვალის აღებას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთგვარი შეკრული წრე. ორმხრივი შეცდომები ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან, ამავდროულად არც ერთი მათგანი არ აღიარებს ამ შეცდომას, შესაბამისად, ჩემი პროგნოზი არანაირად არ არის  ოპტიმისტური. რაც შეეხება “რეცეპტს”, რაც არაერთხელ გავაჟღერე ინტერვიუებისა და სატელევიზიო ეთერების დახმარებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხების გაცემა, ფულის მასის ზრდა, უნდა გათანაბრდეს ეროვნულ და უცხოურ ვალუტებს შორის რეზერვირების განაკვეთი, და ბოლოს რაც მთავარია ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ არ დაუშვებენ ლარის შემდგომ დევალვაციას და აუცილებლად გამოიყენებენ რეზერვებს, რაც ჩემი ღრმა რწმენით. ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საჭირო არ გახდება. მთავრობას უარი უნდა თქვას შიდა და საგარეო ვალების დაგროვებაზე, იმ სუბსიდიების დაფინანსებაზე, რომლებიც დღეს ფინანასდება, უნდა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები, და აუცილებლად უნდა მოახდინოს მთავრობამ პრივატიზება, აუცილებელია, რომ რაიმე იყიდებოდეს ლარში.

ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას დავიჭიროთ გარდამტეხი მომენტი.

-ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას ძირითადი ცვლილებები შეეხო ეკონომიკურ გუნდას, მთავარი დაპირებებიც სწორედ ეკონომიკური ხასიათის მატარებელი იყო. საუბარი ეხებოდა ხარჯების შემცირებას, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. სწორი მიმართულებით მიდის ახალი პოლიტიკური გუნდი, რამდენად სწორი ცვლილებები განხორციელდა?

-ეს ყველაფერი ნამდვილად ჰგავს გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლას, სწორედ კვირიკაშვილს აკისრია ახალ გუნდში მწვრთნელის როლი, ეს სწორედ კვირიკაშვილი გუნდია. რაც შეეხება დაკისრებული მიზნის მიღწევას, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. მიმდინარე პოლიტიკითა და ბიუჯეტის პარამეტრებით 2016 წელს 3%-იანი და 2017 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც სწორედ მთავრობის პროგნოზია, ნაკლებად მოსალოდნელია.  

ზოგადად, რას ნიშნავს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუ საქართველოს სურს უახლოეს 20 წელიწადში დაეწიოს ბულგარეთს საჭიროა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ნებისმიერი სხვა, უფრო დაბალი რიცხვი, არის წყლის ნაყვა.

ვილაპარაკოთ პრაქტიკულად, რას ლაპარაკობს მთავრობა ფულზე, ისინი აღიარებენ, რომ ყველა პრობლემა შექმნილია ლარის დევალვაციით, ლარი გაუფასურდა 3 წლის წინ და მთავრობამ მხოლოდ ახლა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, ეს აბსურდია. ახალი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი მიზანი არაა ვდიოთ ლარის კურსს, ჩვენი მიზანია საზოგადოების აზროვნება შევცვალოთ, არც ამას ვეთანხმები. შემდეგი, მთავრობა აცხადებს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლარიზაციაა. ამის მიღწევის ერთადერთი საშუალება არის მიაბან ლარი დოლარს, უზრუნველყონ მყარი გაცვლითი კურსი, რათა რისკების გამო აღარ იყოს მოთხოვნა დოლარზე. აკრძალვები, ლიმიტები, შეზღუდვები, ეს ყველაფერი აბსურდია. გავაგრძელოთ, ბოლო წლებში იყო საუბარი აგრო-სამრეწველო კომპლექსის განვიტარებაზე, უამრავი ფული დაიხარჯა, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, შეჩერებული. ანუ, სექტორი გაყინულია, ფული მაინც იხარჯება, ეკონომიკური ზრდა ამ სექტორში არის ნული, მიუხედავად იმისა, რომ 3-ჯერ მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე ათი წლის წინ.

საბოლოო ჯამში, მწვრთნელს, რომელსაც დაცვითი ტაქტიკა აქვს შერჩეული, არც გუნდია სწორად დაკომპლექტებული და არც პრიორიტეტები.

 

ჯაბა მიქელაძე