გვენეტაძე: ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, თუ სადამდე მიიყვანა მსოფლიო დერეგულაციამ

“2007-2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ძალიან კარგად აჩვენა, თუ რა შედეგამდე მიიყვანა შეერთებული შტატები ფინანსური სექტორის დერეგულაციამ”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ქვეყანაში ონლაინსესხების რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით. გვენეტაძის თქმით, ახალი რეგულაციის შემოღებისას გადაჭარბებულია განცხადებები თითქოს ქვეყანა სოციალიზმში ბრუნდება, რადგანაც ამ სფეროს სრულ დერეგულაციას კონკრეტული დაზარალებულები ჰყავს და ამის საპასუხოდ სახელმწიფომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“2007-2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ძალიან კარგად აჩვენა, თუ რა შედეგამდე მიიყვანა შეერთებული შტატები ფინანსური სექტორის დერეგულაციამ. ანუ ამდენი დერეგულაციის მერე დაგროვდა ძალიან ბევრი რისკი, ვალდებულებების გადატანა გარე საბალანსო უწყისებზე, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტების დაცვისაგან თავის არიდება და სხვა. და მაშინ რაც მოხდა, სხვათა შორის, დღესაც იმკის მთელი მსოფლიო, უფრო ნაკლებად შეერთებული შტატები, რადგანაც იქ ძალიან მალე მიიღეს აქედან გაკვეთილი და ნაბიჯები გადადგეს ამის საპასუხოდ, მათზე მეტად კი შედეგებს დღეს ევროპა იმკის.

არ არის საჭირო ახლა დადანაშაულება, რომ თითქოს ჩვენ ვბრუნდებით სოციალიზმში, არ არის ასე. ზედმეტი რეგულაცია ცუდია, ზედმეტი დერეგულაციაც ასევე ცუდია. ზედმეტმა რეგულაციამ შესაძლოა განვითარება შეამციროს, ზედმეტმა დერეგულაციამ კი ფინანსური რისკები გაზარდოს. ზუსტად აქეთკენ მივდივართ, რომ გვინდა ადამიანებმა იცოდნენ რას აკეთებენ და იმის გამო, რომ დროებითი პრობლემა დაუდგათ, პიროვნული ტრაგედიის რისკის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. მოდით არ გვინდა იმის თქმა, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ასეთი ხალხი ნამდვილად არსებობს. არც ზედმეტ დერეგულაციას გავაკეთებთ და არც ზედმეტ რეგულაციას”, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს კობა გვენეტაძე.

კობა გვენეტაძის თქმით, ონლაინსესხებში არსებული განაკვეთები, რომლებიც წლიურ 3000% და 4000%-საც კი აღწევს, “მტაცებლურია” და “უნდა გაკეთდეს რაღაც, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ იყოს”. გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამდიდრების გზები და მათ შორის სწრაფი გამდიდრების გზებიც “მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საზოგადოების ნაწილმა ყველაფერი დაკარგოს”.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ონლაინსესხების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება 29 ნოემბერს გააკეთა. მომდევნო დღეს გაირკვა, რომ ონლაინსესხების გამცემი კომპანიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გარდაქმნას გეგმავენ, რისთვისაც განაცხადები ეროვნულ ბანკში უკვე შეტანილი აქვთ. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის დაგეგმილი რეგულაციები მისაღებია.

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ამ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის.

ონლაინსესხები შეიძლება ბაზრიდან გაქრეს, თუმცა სესხებზე მოთხოვნა არ გაქრება, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწევთ მათ ასაღებად ალტერნატივების გამოძებნა. აკრძალვის დაწესების შემთხვევაში, იმ ადამიანთა ნაწილი, ვისაც სესხები ესაჭიროებოდა, მათ უბრალოდ ვეღარ აიღებენ.

წყარო: ტაბულა