Aerosmith-ის ​ 5,5 მილიონიანი კონცერტის შესახებ „ბლექ სი არენას“ დირექტორი კომენტარს აკეთებს

„ბლექ სი არენას“ დირექტორი დიმიტრი ბერიძე იმ პროცედურების შესახებ საუბრობს, რომელიც ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტის გასამართად, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღვოდა. 

როგორც ცნობილია, Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება გამარტივებული წესით ხდება.​ როგორც დიმიტრი ბერიძე საზოგადოებრივთან საუბრისას აცხადებს, მოლაპარაკებები იმის თაობაზე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ეწვეოდა თუ არა ჯგუფი საქართველოს და თანხმობის შემთხვევაში, რომელ დღეს დაინიშნებოდა კონცერტი, დიდხანს გრძელდებოდა. ამის გამო, ვადების გამო, ტენდერის გამოცხადება ვერ მოხერხდებოდა.

Aerosmith-ის კონცერტის გამართვა ქვეყნის ბიუჯეტს 5,5 მლნ ლარი უჯდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. 

აღნიშნულ ფაქტს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. „მოამბესთან“ საუბრისას დარგის სპეციალისტები საუბრობენ. ამ მოსაზრებებს „მოამბეში“ 20:00 საათზე იხილავთ. 

Aerosmith 2017 წლის 20 მაისს კონცერტს „ბლექ სი არენაზე” ჩაატარებს. ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და კონცერტებს ასევე, ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართავს.