ქუთაისის მერი: “მაკდონალდსის” შიშებიდან გამოვიდეთ, მოწიწებით მოვეპყროთ მილიონიან ინვესტორს

“პირველ რიგში, ყველამ ემოცია შეიკავოს და მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქალაქში მილიონების ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს”,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,  “მაკდონალდსის” მფლობელთან, თემურ ჭყონიასთან პირადად ჰქონდა შეხვედრა და ის ქალაქში 2 800 000 ლარის ინვესტიციას გეგმავს.

“მინდა, მადლობა გადავუხადო “მაკდონალდსის” წარმომადგენლებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ქალაქში დიდი ინვესტიცია ჩადონ. ამ ტერიტორიაზე სხვა მშენებლობებიც უნდა განხორციელდეს. თემურ ჭყონიასთან მოლაპარაკებები გვქონდა და “მაკდონალდსთან” ერთად აქ სასტუმროც უნდა აშენდეს, რაც აბსოლუტურად მისაღებად მიმაჩნია. ნებართვა მოპოვებულია, მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს და პროცესი მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროდან უფასოდ არ აუღიათ ეს ტერიტორია. საკმაოდ ძვირი გადაიხადეს 800 000 1400 კვადრატში. 2 800 000 ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ ეს კომპანია ქალაქში. ის შიშები რომ “მაკდონალდსი” საშიშია და ა.შ. ამ ეტაპიდან უნდა გამოვიდეთ”,- განაცხადა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ქუთაისში “მაკდონალდსის” მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. .აქციის მონაწილეები მშენებლობის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან თვლიან რომ აღნიშნული ობიექტი ქალაქის ისტორიულ იერსახეს დაამახინჯებს.

წყარო: Ipress