ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა

პარასკევს ნავთობის ფასმა 2%-ით მოიმატა. შაბათ-კვირას მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები აპირებენ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ მოხდება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ გარიგების დემონსტრირება.
Opec-ის გენერალურმა მდივანმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Opec-ის ზოგიერთი წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც დაესწრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე შაბათ-კვირას დაგეგმილ შეხვედრას, რათა ჩამოყალიბდნენ ნავთობმოპოვების შემცირების მექანიზმების შესახებ, რაც გულისხმობს ნავთობმოპოვების დღიურად 1.8 მილიონი ბარელით შემცირებას.

 


საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით მათ ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება დღე-ღამეში თითქმის 1.5 მილიონ ბარელამდე შეამცირეს.
კომპანია Citi Futures-ის ანალიტიკოსის Tim Evans-ის განცხადებით ნავთობის ბაზრებზე პარასკევს ფასების მატების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც Opec-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების დაგეგმილი შეხვედრისგან გამომდინარეობდა.

 


Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 1.3$-ით, ანუ 2.5%-ით მოიმატა და ბარელზე $55.49-ი შეადგინა, ხოლო (WTI)-ის ტიპის ამერიკული ნავთობის ფასმა 1.05$-ით, ანუ 2%-ით მოიმატა და 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $52.42-ით განისაზღვრა. საბოლოოდ მარტის თვის ფიუტჩერსების ფასმა საშუალოდ 2.1%-ით მოიმატა და $53.22-ი შეადგინა.
ნავთობის ფასების ცვლილებაზე ასევე გავლენა მოახდინა ამერიკული სერვისული კომპანია Baker Hughes-ის მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ნავთობის საბურღი დანადგარების მოცულობა მცირედით გაიზარდა.

 


ანალიტიკოსების განცხადებით ა.შ.შ-ში მატულობს ნავთობის მარაგები, რასაც ფიქლის ნავთობის მოპოვების ზრდა განაპირობებს და მოსალოდნელია აღნიშნულმა გარემოებამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბაზრაზე.

 


Commerzbank-ის განცხადებით საჭიროა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბაზარზე შეიზღუდოს ნავთობის დიდი მოცულობების გამოტანა, რადგან შესაძლებელია ამერიკაში გაზრდილ მოპოვებას დაემატოს ლიბიიდან და ნიგერიიდან ნავთობის დამატებითი მოცულობები, რაც ბაზარზე სიტუაციას გაართულებს.

 


Markets-ის უფროსი ანალიტიკოსის Bjarne Schieldrop-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის მოპოვება შემცირდება, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 55$-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო (WTI)-ის ტიპის ამერიკული ნავთობის ფასი 50$-ის ფარგლებში იმოძრავებს, ხოლო თუ ა.შ.შ-ში ფიქლის ნავთობის მოპოვებას შეამცირებენ შესაძლებელია ნავთობის ფასი 60$-მდეც გაიზარდოს.

 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო